შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს

შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს

შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებმა საქმიანობა განაახლეს. „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიში“ აცხადებენ, რომ შუქრუთის მაღაროში ინფრასტრუქტურული მდგომარეობა რთულია, რის გამოც აღდგენითი სამუშაოები რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება. რაც შეეხება კოროხნალის მაღაროს, იქ პროცესი შედარებით მოკლე ვადებში დასრულდება.

„დღეს შევედით შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროებში და დავიწყეთ მუშაობა, მადლობა მაღაროელებს. საჭირო სპეციალობის თანამშრომლები სრულად გამოცხადდნენ და შეუდგნენ საქმიანობას. ყველაფერი ნორმალურადაა, ვიმედოვნებთ, რომ მაქსიმალურად მოკლე დროში შევძლებთ აღდგენითი სამუშაოების დასრულებას და მაღაროები გადავლენ მადნის მოპოვების პროცესზე“, - განაცხადა ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელმა მიხაილ სოცკიმ.

ჭიათურაში შუქრუთისა და კოროხნალის მაღაროების დეტალური შესწავლა 30 აპრილს დაიწყო.

ჭიათურის მაღაროებში გასულ წელს შეწყვეტილი სამუშაოების განახლების თაობაზე შეთანხმება კი 25 აპრილს შედგა. სამუშაობეის განახლებამდე ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან არსებული სოციალური დიალოგის კომისიამ მიიღო.