მდინარის დაბადება - საოცარი სანახაობა სამეგრელოში

მდინარე დეიძახი

სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, შურუბუმუს ხეობაში, აპრილის ბოლოს მდინარე სახელწოდებით „დეიძახი“, წელიწადში მხოლოდ ერთხელ, გაზაფხულზე ჩნდება.

ადგილობრივმა ვანო იზორიამ, რომელმაც  "პრაიმთაიმს" მიაწოდა ფოტო-ვიდეო მასალა, ამბობს, რომ ეს უნიკალური ადგილი წელიწადის ამ დროს ყველა მსურველმა უნდა ნახოს.

„მიგარიას მთაზეა კარსტული ძაბრები, რომელიც შურუბუმუს მღვიმურ სისტემას უკავშირდება. მღვიმეში, ვარაუდობენ, რომ მიწისქვეშა ტბებია. გაზაფხულზე, როდესაც თოვლი დნება, ნადნობი წყლით კარსტული ძაბრები ივსება, შესაბამისად ტბაშიც წყლის დონე მაღლა იწევს და გამოდის გარეთ და ფაქტობრივად, შენს თვალწინ იბადება მდინარე, სწორედ ამ ადგილას, ამ მდინარეს "დეიძახი' ჰქვია. ნდემიშ ანუ "დევის ძახილი" - გვითხრა ვანო იზორიამ.

ხმაურიანი მდინარე “დეიძახი” სათავეს წიფურიის ტაფობში არსებული 30 კვადრატული კილომეტრი ფართობის წყალშემკრები აუზიდან იღებს. ქართველი სპელეოლოგები ამ დრომდე სწავლობენ ამ ტერიტორიას და შურუბუმეს მღვიმეს.