შეფარული ციფრული ჯადოები სოციალურ ქსელებში: ახალი ფენომენი თანამედროვე ცხოვრებაში

ციფრული ჯადო

თანამედროვე სამყაროში, სადაც ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება სოცქსელებთანაა მჭიდროდ დაკავშირებული, ფესვებს იდგამს ახალი, უცნაური და ზოგჯერ საკამათო ტენდენცია – „ჯადოების“ გავრცელება სოციალური მედიის საშუალებით. ტრადიციული მაგია, რომელიც საუკუნეების მანძილზე გადმოსცემდა საიდუმლო ცოდნას სპეციალურ წრეებში, დღეს ტიკტოკზე, ინსტაგრამსა და ფეისბუქზე ვირუსული პოსტების, კომენტარებისა თუ ფოტოების სახით არსებობს. მაგრამ რა არის ეს? სახალისო თამაში, ფსიქოლოგიური თვითდამრწმუნება თუ ენერგიის მართვის საშუალება? ან იქნებ ახალი სოციალური კოდის ფორმა?

და მაინც, რამდენად რეალურია მათი ძალა? იქნებ მათი ნამდვილი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ახსენებს თავის სურვილებს, მიზნებს და აამოქმედებს მისი გონების იმ ნაწილს, რომელიც ცვლილებისკენ უბიძგებს. ბოლოს და ბოლოს – ყველა ჯადო რწმენით იწყება, და როცა გულით გვჯერა, პატარა მაგია მართლაც იწყებს მუშაობას.

სოციალური ქსელები სავსეა პოსტებით, რომლებსაც მომხმარებლებს „ჯადოსნურ ეფექტებს“ ჰპირდებიან. ეს პოსტები სხვადასხვა ფორმით გვხვდება:

„დააკომენტარე და იღბალი მოვა“

ჯადოსნური პოსტების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა ტექსტი ან ფოტო, სადაც ადამიანებს სთხოვენ, კონკრეტული ემოცია დაამატონ კომენტარებში, რადგან ეს სიმბოლო თითქოს იღბალს ან სიყვარულს იზიდავს.

„გააზიარე, რომ ოცნება აგიხდეს“

ზოგჯერ ვხვდებით მოწოდებას, გავაზიაროთ ფოტო ან პოსტი, რომ მისი „მაგიური ძალა გააქტიურდეს“ და ჩვენი სურვილი ახდეს.

„ენერგეტიკული კომენტარი“

გარკვეულ პოსტებში წერია, რომ თუ კომენტარში დატოვებ სიტყვას „მადლობა“ ან „ამინ“, უარყოფით ენერგიას ამ პოსტზე დატოვებ და შენგან მოიშორებ. ამ ფორმებში ყველაზე ხშირად ფინანსური წარმატების ან სიყვარულის მოზიდვის თემა ჩნდება. მაგალითად, ტრენდულია ფოტოების ან ვიდეოების გაზიარება, სადაც ჩანს: ფულის კომპოზიცია მწვანე სანთლით; ტელეფონის ფონი, ფულის სურათით, რომელიც თითქოს ფინანსურ ენერგიას იზიდავს; ტიკტოკის ვიდეოები, სადაც იმეორებენ: „მე მაქვს ყველაფერი, რაც მინდა“ – და ურჩევენ სხვებსაც, იგივე თქვან და ვიდეო გააზიარონ, რომ „ენერგია გააძლიერონ“.

განსაკუთრებით პოპულარულია სასიყვარულო „ჯადოები“, სადაც ადამიანს სთხოვენ საყვარელი ადამიანის სახელის დაწერას კომენტარში ან ფოტოზე, მისი ფოტოს „სანთელთან დადებას“ ან 7 მეგობრისთვის პოსტის გაგზავნას – თითქოს ეს ქმედებები სასურველ ადამიანს დაუბრუნებს.

ამ ყველაფერში საინტერესო ის არის, რომ ხშირად ადამიანები ამ „ჯადოებს“ უბრალოდ სახალისო გამოწვევად აღიქვამენ, მაგრამ სხვები სერიოზულად იმედოვნებენ, რომ ეს რიტუალები შედეგს გამოიღებს. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ქმედებები თვითდარწმუნებისა და შფოთვის შემცირების ერთგვარ მექანიზმადაც შეიძლება მუშაობდეს – „რაღაც ხომ ვცადე, იქნებ ამან უშველოსო“.

სოციალური ქსელების ჯადოები პარადოქსული მოვლენაა – ისინი გვიჩვენებენ, როგორ ეძებს თანამედროვე ადამიანი გამოსავალს პრობლემებისგან, იქნება ეს ფინანსური სირთულე, პირადი კრიზისი თუ სიყვარულში უიღბლობა. თუმცა მათში ჭეშმარიტი მაგიის ელემენტებზე მეტად ჩანს ადამიანის სურვილი, რომ ჰქონდეს იმედი და კონტროლი თავის ცხოვრებაზე.

ეს პოსტები მართლაც შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური მხარდამჭერი, მაგრამ რეალური შედეგისთვის საჭიროა აქტიური მოქმედება და პრობლემების ფაქტობრივი გადაწყვეტა, რასაც ვერც კომენტარი, ვერც გაზიარება და ვერც ფოტოს დადება შეცვლის.

და მაინც, ზოგჯერ ერთმა პატარა რწმენამაც კი შეიძლება გზა გაგვიხსნას – რადგან ყველა ჯადოს საწყისი სწორედ რწმენაა.

„ინტერნეტ-მანიფესტაცია“, ეს უკვე უფრო სერიოზული პრაქტიკაა, რომლის მიზანი საკუთარი სურვილების ელექტრონული სახით "გაშვებაა" სამყაროში: წერენ საკუთარ სურვილს კომენტარად. მაგალითად, „მე ვიღებ 10 000 დოლარს მაისში“ ან „მე ვპოულობ ნამდვილ სიყვარულს 2025-ში“. ამ კომენტარს სახალხოდ ტოვებენ იმ მიზნით, რომ ბევრი ადამიანი წაიკითხავს და რომ „ერთობლივი ენერგია იმუშავებს“.

ვიზუალური ჯადო მაგიის მსგავსი რამეა. მაგალითად: სურვილს წერთ ფურცელზე, ფოტოს გადაიღებთ და აპოსტავთ ზოგჯერ Stories-ში, ზოგჯერ თქვენს მომხმარებლის ანგარიშზე, წარწერით: „ვაცხადებ ამას ჩემ საკუთრებად”. იგივე სურვილი შეიძლება ფოტოზე ხელით დაწერილი იყოს (თითქოს „დამონტაჟებული რეალობა“). ასევე ფოტოებზე ჩაწერილი სურვილების ასახდენად წერენ: „გააზიარე ეს ფოტო და ყველაფერი აგისრულდება“.

წყევლის სერია სოციალურ ქსელებში

ტიკტოკზე გაჩნდა სუბკულტურა, სადაც თვითგამოცხადებული ჯადოქრები ავრცელებენ ვიდეოებს, როგორ „აგზავნიან წყევლას“ ცნობილ ადამიანებზე, პოლიტიკოსებზე, მტრებზე.

ამ ვიდეოებში ჩანს, როგორ ანთებენ შავ სანთლებს, წერენ სახელებს, წვავენ ქაღალდებს, დებენ სიმბოლოებს. ზოგი ფიქრობს, რომ ეს სპექტაკლი ან თამაშია, მაგრამ სხვები ამას სერიოზულად უყურებენ.

ძალიან საინტერესო შემთხვევა: “Moon hexing” სკანდალი, როცა TikTok-ზე გავრცელდა ამბავი, თითქოს ჯგუფმა გადაწყვიტა მთვარეზე „წყევლის დადება“, რამაც უამრავი „ჯადოქარი“ გააბრაზა, რადგან მიაჩნიათ, რომ კაცობრიობა რომ არ დაიღუპოს,  „მთვარეზე წყევლა ვერავინ უნდა დადოს“.

პოსტები ზუსტად განსაზღვრულ დროს

არ ვიცი თუ შეგხვედრიათ, მაგრამ 11:11 ძალიან პოპულარული დროა, რომელიც “სურვილის ახდენასთან” ასოცირდება. ადამიანები პოსტავენ 11:11-ზე სქრინშოთებს და წერენ კომენტარებში სურვილს. მიიჩნევა, რომ ზუსტად ამ დროს გამოხატული სურვილი იმუშავებს. 
„დაცვითი კომენტარები” უფრო ახალია და ძირითადად TikTok-ში დაიწყო. როცა ვინმეს პოსტზე წერენ ასეთი კომენტარს: „ეს კომენტარი დაცვითი მაგიაა – ვინც ნახავს, დაცული იქნება ბოროტი ენერგიისგან“. ან „სიყვარულის შელოცვის“ კომენტარი: „ვინც ამას ხედავს, მალე სიყვარულს მიიღებს“. ზოგს ეს უბრალოდ სიგიჟედ ეჩვენება, მაგრამ სხვებს ეს ენერგეტიკულ პრაქტიკად მიაჩნიათ.

„Emoji-ების კომბინაცია ჯადოსთვის

ზოგიერთი ემოციების კომბინაციასაც ჯადოსნურ ძალას მიაწერს: მაგალითად, „გული“, „ვარსკვლავი“, „ნახევარმთვარე“, “სანთელი“ ემოციების ერთობლიობა გამოიყენება სასიყვარულო მაგიის პოსტებში, განსაკუთრებით Twitter-ზე და წერენ: „დააკომენტარე ამ „ემოჯებით“ და ენერგია შენთან მოვა“.

ინტერნეტში გვხვდება ასევე კომენტარები, სადაც მაგიურ შელოცვებს წერენ პირდაპირ ელექტრონულად: ფიქრობენ, რომ თვითონ ტექსტის არსებობა ინტერნეტში მოქმედებს, რადგან ის ციფრულ სივრცეში “ცოცხლობს”.

რას ემსახურება ეს პრაქტიკები? სოცქსელების ჯადოსნური პრაქტიკები ხშირად თვითდარწმუნება, სიმბოლური მოქმედება, ენერგიის ვიზუალიზაცია ან და სოციალურ თამაშებში თანამონაწილეობაა.
ეს მეთოდები უკვე მიბმულია ტრადიციულ მაგიურ სიმბოლიზმზე, მაგრამ მორგებულია თანამედროვე რეალობაზე – ფოტოების დაბეჭდვის ნაცვლად პირდაპირ ტელეფონით აკეთებენ ფოტოებზე მანიპულაციებს, ნივთების ნაცვლად აპლიკაციებს იყენებენ, ან იღებენ ვიდეოებს, რომ „კადრი თავად გახდეს ენერგეტიკული რგოლი“.

ჯადოები სოციალურ ქსელებში მრავალმხრივი ფენომენია: ზოგი მათგანი გასართობადაა შექმნილი, ზოგიც – სერიოზული რწმენით ვრცელდება; ისინი აერთიანებენ ტრადიციებსა და თანამედროვე ციფრულ სამყაროს, ქმნიან ახალ „ციფრულ მაგიას“; ისინი გვიჩვენებენ, რომ ადამიანს ყოველთვის სჭირდება იმედი და ხშირად ამ იმედს პოულობს იმ ადგილებში, სადაც ყველაზე ხელმისაწვდომია – სოციალურ ქსელებში.