თამარ ჩიბურდანიძე: ისეთი უსამართლობაა ამ თავგზააბნეულ „დემოკრატიულ” ევროპაში, რომ სამართალი ურმით კი არა, რაკეტით დაქრის

თამარ ჩიბურდანიძე

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება კორუფციული სკანდალის გამო ლიეტუვის მთავრობის გადადგომას.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, სულ რამდენიმე დღის წინ სწორედ ეს დამნაშავე მთავრობა უკითხავდა საქართველოს მორალს და ასწავლიდა დემოკრატიას.

„ლიეტუვის მთავრობა გადადგა, მიზეზი ტოტალურ კორუფციაში მხილებაა. სულ რამდენიმე დღის წინ კი ეს დამნაშავე მთავრობა ჩვენ გვიკითხავდა მორალს და გვასწავლიდა დემოკრატიას. სწორედ ეს პოლიტიკოსები მიგვითითებდნენ სამართლიან არჩევნებზე და ხალხის მსახურებაზე. ნეტავ, რამდენი გამდიდრდა კიდევ საკუთარი ხალხის ხარჯზე ისე, რომ ჯერ არ ჩანს?

გამოდის, რომ ლიეტუვის კორუმპირებულმა მთავრობამ დაასანქცირა საქართველოს არაკორუმპირებული მთავრობა? ხომ ხედავთ, ისეთი უსამართლობაა ამ თავგზააბნეულ „დემოკრატიულ” ევროპაში, რომ სამართალი ურმით კი არა, რაკეტით დაქრის. ჯერ სად არიან, სამართლიანობის მათრახი მათთან ერთად იმ ქვეყნებსაც გადასწვდება, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში უსამართლოდ გვექცეოდა და დღესაც იმავეს აგრძელებს.

როდესაც საქართველოზე, როგორც ღვთივკურთხეულ ქვეყანაზე ვსაუბრობთ, ლიბერალებს ეღიმებათ, ბოლოს კი ჩვენ ვიღიმით, როგორც დღეს ლიეტუვის კორუმპირებული მთავრობის აღსასრულზე. ეს არც ნიშნის მოგებაა და არც პოლიტიკური ბოღმა, როგორც მათ სჩვევიათ. ეს აღმატებული სამართლიანი რეაქციაა მათ მდაბიო უსამართლო ქმედებაზე“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.