1778184177
სულხან თამაზაშვილმა თურქეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას ხაზი გაუსვეს, ასევე ყურადღება გაამახვილეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების აუცილებლობაზე. საუბარი შეეხო საპოლიციო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც წარმატებით ხორციელდება პოლიციის ატაშეების ჩართულობით, დანაშაულთან დაკავშირებული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიმოცვლითა და სამუშაო ვიზიტების რეგულარული ორგანიზებით.
სულხან თამაზაშვილმა მუსტაფა თურქერ არის მადლობა გადაუხადა ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და კიდევ ერთხელ გამოთქვა ქართული მხარის მზაობა, აქტიურად გაგრძელდეს მუშაობა თურქულ მხარესთან სამართალდაცვით სფეროში პარტნიორობის გაძლიერების მიზნით.
ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.












