ლატვიის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნაზე

ანდრის სპრუდსი

ლატვიის თავდაცვის მინისტრი ანდრის სპრუდსი აცხადებს, რომ მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით.

სპრუდსის თქმით, ის პატივს სცემს პარლამენტის გადაწყვეტილებას მისი გადადგომის მოთხოვნის შესახებ, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ დააინიცირა.

პარლამენტს გადადგომის საკითხზე ჯერ არ უმსჯელია.

ამასთან, გარკვეული ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ისინი ჯერ კიდევ აფასებენ ვითარებას.

ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინია თავდაცვის მინისტრს აკრიტიკებს, თუმცა კონკრეტულად გადადგომის საკითხზე არ უსაუბრია.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლატვიის ტერიტორიაზე ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, რომლებიც მათ საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდნენ. როგორც ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ერთი შეხედვით, შესაძლოა, ეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები იყო, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებისკენ მიემართებოდნენ. მისივე თქმით, ეს მხოლოდ ვარაუდია და საჭიროა ინფორმაციის გადამოწმება.