სრულიად აბსურდული გამოძიება დააანონსეს - ფაქტობრივად, 6 წლის შემდეგ, გამომძიებლები გაუშვეს რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ თითქოსდა ნივთმტკიცებები იპოვონ - ტატა ხვედელიანი

ტატა ხვედელიანი

რამდენად სწორად იყო მართული რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაცია, რომლის დროსაც შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იყო?! გახარიას გუნდში ამბობენ, რომ გამოძიების 6 წლის შემდეგ დაწყება აბსურდული და აზრს მოკლებულია.

"სრულიად აბსურდული გამოძიება დააანონსეს ახლა - ფაქტობრივად, 6 წლის შემდეგ, გამომძიებლები გაუშვეს რუსთაველის გამზირზე იმისთვის, რომ თითქოსდა ნივთმტკიცებები იპოვონ. თუმცა, 20 ივნისთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობდა და გიორგი გახარია იყო ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც გასცა პასუხი მაშინ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მას დასამალი არაფერი არ აქვს და ნებისმიერ შეკითხვას გასცემს პასუხს და ისაუბრებს რა თქმა უნდა სიმართლეს“, - აცხადებს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ტატა ხვედელიანი.

უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ობიექტურად ასახავს 20 ივნისის მოვლენებს და ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს კითხვებს საგამოძიებო ექსპერიმენტით პასუხობს.

ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 20 ივნისის ღამეს არ დარღვეულა შეკრება-მანიფესტაციების შესახებ კანონი, რადგან აქციამ აგრესიული ხასიათი მიიღო, თუმცა კითხვები გაჩნდა ძალის გამოყენების პროპორციულობასთან დაკავშირებით.