სოსო გიორგაძე ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

სოსო გიორგაძე

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალური ასამბლეის 66-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ყაზახეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრს იერლან სარსემბაევს შეხვდა.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა საქპატენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო ჩიქოვანი, ხოლო ყაზახეთის რესპუბლიკის მხრიდან – იუსტიციის სამინისტროს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე შოლპან აბდრეევა, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ინსტიტუტის (Qazpatent) დირექტორის მოადგილე საბიტ ახმეტოვი და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (WTO) ყაზახეთის რესპუბლიკის მუდმივი მისია, ატაშე აელიტა მუსაბაევა.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის გეოგრაფიული აღნიშვნების ურთიერთაღიარებისა და დაცვის შესახებ“ შეთანხმებაზე, რომელზეც დღესდღეობით აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, საქართველო და ყაზახეთი ნაცვალგების წესით აღიარებს და კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს გეოგრაფიული აღნიშვნისა და ადგილწარმოშობის დასახელების დაცვას. დღეის მდგომარეობით, საქართველოს ყაზახეთში ინდივიდუალური რეგისტრაციის გზით დასაცავად წარდგენილი აქვს 21 ქართული ღვინისა და მინერალური წყლის ადგილწარმოშობის დასახელება და 1 გეოგრაფიული აღნიშვნა „ჭაჭა“.

გარდა ამისა, ორ ქვეყანას შორის ინტელექტუალური საკუთრების მიმართულებით თანამშრომლობა გულისხმობს „ინტელექტუალური საკუთრების უფლებათა დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ხელმოწერასაც.
შეხვედრაზე, ასევე, ისაუბრეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის მომზადებასა და განხორციელებაზე, მათ შორის იმსჯელეს ერთობლივი კონფერენციებისა თუ სემინარების ორგანიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების დარგში მიღწევების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და გამოცდილების გაზიარებას.

ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს.