1750246026
შევთანხმდით, რომ საქართველო - თურქეთი - აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატი, პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, უნდა გამოვაცოცხლოთ და პირველი შეხვედრა წელსვე გაიმართოს - შალვა პაპუაშვილი

"სამი წლის წინ, როდესაც თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე სტუმრობდა საქართველოს, საქართველოსა და თურქეთის პარლამენტს შორის დაიდო თანამშრომლობის მემორანდუმი, სადაც გაწერილია ის ჩარჩო, რომელშიც პარლამენტი, მეგობრობის ჯგუფები, კომიტეტები და აპარატი თანამშრომლობს. ზუსტად ამ თანამშრომლობის განხილვა და სამომავლო გეგმების დასახვა მოხვდა," - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გააკეთა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება.
მისივე თქმით, შედგა შეთანხმება, რომ წელსვე გაიმართოს სამმხრივი შეხვედრა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეებს შორის, რათა მოხდეს შეთანხმება რამდენიმე საკვანძო საკითხზე.
"უახლოეს პერიოდში, ჩვენ გვექნება კომიტეტების ვიზიტები, როგორც თურქეთიდან საქართველოში, ისე საქართველოდან თურქეთში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველო - თურქეთი - აზერბაიჯანის სამმხრივი ფორმატი, პარლამენტის თავმჯდომარეების დონეზე, უნდა გამოვაცოცხლოთ და პირველი შეხვედრა წელსვე გაიმართოს, რათა ორმხრივი თანამშრომლობა პარლამენტებს შორის გადავიყვანოთ რეგიონულ თანამშრომლობაში იმისთვის, რომ გვქონდეს შესაძლებლობა, თანხვედრაში მოვიყვანოთ ერთმანეთთან პარლამენტების დღის წესრიგი და ხედვები უსაფრთხოების, ეკონომიკური განვითარების და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.