სოციალური პლატფორმები Facebook, Messenger, Instagram გაითიშა
1781272349
ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დააწესა. ამით დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის, - განუცხადა აბასთუმანში ყოფნისას ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
მან კომენტრი გააკეთა საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მისივე თქმით, საქრათველოსთან უვიზო მიმოსვლის საკითხზე პოლიტიკური თემები შემოაქვთ-ხოლმე, რაც ბრიუსელის არაკეთილსინდისიერებას აჩვენებს.
„ყველას შევახსენებ, რომ ბრიუსელმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია, როდესაც დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო მოთხოვნები დააწესა. ამით დაარღვია 2010 წლის საერთაშორისო ხელშეკრულება ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ამ მხრივ ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი, მაშინ როდესაც სხვებს ედავება საერთაშორისო სამართლის დაცვის საკითხებს. შემდეგ რომ ეს დარღვევა როგორღაც დაეფარათ, საქართველოზე მორგებული სპეციალური რეგულაციები მიიღეს. გადაუხვიეს ყოველგვარ გონივრულობას და სავიზო მიმოსვლის ლოგიკას და სპეციალურად საქართველოსთვის მოიგონეს რეგულაციები, რომელსაც ავრცელებენ მხოლოდ საქართველოზე, სადაც საკუთარი გემოვნებით შეუძლიათ, ნებისმიერი რამ მოგვთხოვონ ე.წ. დემოკრატიული განვითარების სოუსით. შეუძლიათ აბსოლუტურად გამოიგონონ ყველაფერი. გვითხრან რა კანონი მივიღოთ, რა არ მივიღოთ. მარცხენა ფეხზე დავუდგეთ თუ მარჯვენაზე უნდა დავუდგეთ და ასე შემდეგ. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ სავალალო მდგომარეობას, სადაც ბრიუსელმა მიიყვანა ევროკავშირი - საერთაშორისო სამართლის დამრღვევად აქცია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, იმდენად არაკვალიფიციურად იქცევა ბრიუსელის ბიუროკრატია, რომ ეს მათ იმედს აძლევს, რომ საბოლოო ჯამში, არ გადადგამენ ისეთ ნაბიჯს, რითაც საკუთარ თავს დაიზიანებენ.
„აქამდე რაც გააკეთეს, დაიზიანეს მხოლოდ საკუთარი თავი. დააზიანეს მხოლოდ ევროკავშირი და ნდობა ევროკავშირის მიმართ. ასე რომ თუ უნდა, რომ კვლავ ფეხში დაიხალონ ტყვია, შეუძლიათ, ეს გააკეთონ. საქართველოს მიმართ ევროკავშირის დამოკიდებულება არის მინიმოდელი იმ არაკვალიფიციურობისა, რითაც გამოირჩევა ბრიუსელის საგარეო პოლიტიკა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
საქართველოს დელეგაციასა და ევროკომისიის დელეგაციას შორის სავიზო დიალოგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საკუთარი პოზიციები წარადგინა. საქართველომ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა.