1779191900
შალვა პაპუაშვილი: როცა დანიაში ძაღლებს უქსევენ ადამიანებს, შემდეგ ამ ქვეყნის ელჩი საქართველოზე პრეტენზიებს ნუ გამოთქვამს, ჯერ მიხედონ იმას, რომ ძაღლები არ მიუქსიონ ადამიანებს
დანია არა მხოლოდ გვაკრიტიკებდა, არამედ ფულს ხარჯავდა წინასაარჩევნოდ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მაშინ საქართველოში დანიის ელჩი დაემალა მედიას, ხმა არ გაიღო, ვიდრე თავად დანიის მედიაში არ ატყდა სკანდალი, ამის შემდეგ მოუწია დაფინანსების შეწყვეტა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ ყველამ დაინახა, როგორ გადაპორტირდა „ლელოში“ ერთ-ერთი „ენჯეო“.
„რაც შეეხება პოლიციის ბრუტალურ ქმედებებს, ეს არ არის მხოლოდ დანიაში, ჩვენ იგივე კადრები ვნახეთ ბერლინში, პარიზში, სხვა დედაქალაქებში, როდესაც პოლიცია ბრუტალური მეთოდებით შლის კრიტიკოსების სხვადასხვა აქციებს. დანიაში ვიხილეთ ძაღლების მიქსევით და ხელკეტების რტყმევით. წარმომიდგენია, ასეთი კადრები რომ დაენახა ვინმეს საქართველოში, რა წივილ-კივილი და ლოყების ხოკვა იქნებოდა დანიის ელჩის მხრიდან პირადად. ის გამოირჩევა განცხადებებით, რომლითაც პედესტალიდან ცხვირაბზუებული გვესაუბრება ხოლმე ადამიანის უფლებებზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, ევროკავშირში კრიტიკოსების ძაღლების მიქსევით და ხელკეტებით გასწორება და დაშლა არის მისაღები ქცევა. გვითხრან, 100 წლის წინანდელ ევროპაში ვიმყოფებით, სადაც ძაღლებით და ხელკეტებით დასდევდნენ მათ, ვისაც არ ეთანხმებოდნენ და სხვად მიაჩნდათ?! ეს არ არის ქართული ფასეულობა. ეს შეიძლება, არის კოპენჰაგენური რაიმე ფასეულობა. როდესაც ძაღლებს უქსევენ ადამიანებს, ამ ქვეყნის ელჩი შემდეგ საქართველოზე პრეტენზიებს ნუ გამოთქვამს. ჯერ მიხედონ იმას, რომ ძაღლები არ მიუქსიონ ადამიანებს, რომლებსაც ისინი არ ეთანხმებიან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.











