შალვა პაპუაშვილი კოპენჰაგენში აქციის დარბევაზე: ჩნდება აღქმა, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერც ერთმა ელჩმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა

შალვა პაპუაშვილი

ეს აჩენს აღქმას, რომ ბრიუსელისთვის მისაღებია, როდესაც ხდება მშვიდობიანი მიტინგის ხელკეტებით დარბევა და ადამიანებისთვის ძაღლების მიქსევა. ის კადრები, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამას არანაირი კავშირი არ აქვს ადამიანურ მოპყრობასთან. ის, რომ ამაზე რეაგირების ნაცვლად გვესმის ცინიკური განცხადებები დანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ დიალოგი ვერ შედგა და ამისთვის ძაღლები უნდა მიექსიათ ადამიანებისთვის და ხელკეტებით შემდგარიყვნენ, ეს რა თქმა უნდა არ არის დამაკმაყოფილებელი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კოპენჰანგენში აქციის დარბევასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ბრიუსელის დუმილი დანიის პოლიციის მხრიდან ძალადობაზე ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ეთანხმება მსგავს ქმედებებს.

„მნიშვნელოვანია, რომ დანიის ხელისუფლებამ გამოიძიოს ეს საქმე და დასჯილი იყოს ყველა ვინც ამ ძალადობაში იყო ჩართული.

აქვე შევახსენებ საზოგადოებას, რომ დანიას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ადამიანის უფლებების მხრივ. 90-იანი წლების ჩათვლით იყო სისტემური პრაქტიკა გრენლანდიის ადგილობრივი მოსახლეობის იძულებით და მოტყუებით სტერილიზებისა. მოახდინეს მოტყუებით სტერილიზება ქალი მოსახლეობის ნახევარზე მეტის, მათ შორის არასრულწლოვანების, 12 წლის გოგონების. დღემდე არ არის გამოძიებული ეს საქმე და არ არიან დასჯილები ის ექიმები, ვინც ამ პრაქტიკაში ჩართულები იყვნენ. დღემდე ისინი საექიმო პრაქტიკას ეწევიან.

ეს პრაქტიკა გათანაბრებულია ბევრის მხრიდან გენოციდთან. როდესაც არის ასეთი შეფასება, რომ ეს იყო გენოციდი ევროკავშირის წევრი ქვეყნის მხრიდან, ამას დიდი ხანი ფარავდნენ და დღემდე არ იძიებენ და არ სჯიან დამნაშავეებს. ეს არის აღმაშფოთებელი.

ჩვენ მოვისმინეთ ასევე რეაქციები ქართველი რადიკალების მხრიდან ამ თემაზე, რომ კი, რა თქმა უნდა იქ იყო ძალადობა, მაგრამ სამაგიეროდ დანია არის მდიდარი ქვეყანა. ეს არის სწორედ მათი წარმოდგენით ევროპული ღირებულება, რომ თუ ხარ მდიდარი ქვეყანა, თუ პენსია არის რაღაც ოდენობის მაშინ თურმე შეიძლება ძალადობა მშვიდობიან ადამიანებზე.

ასეთი ევროპა ესახებათ მათ წარმოდგენაში, რომ მთავარია იყო ეკონომიკურად კარგად და მერე შეიძლება სცემო მშვიდობიანი მომიტინგეები.

სამწუხაროა, რომ საქართველოში მყოფმა ვერც ერთმა ელჩმა ვერ გაბედა ერთი სიტყვა ეთქვა. აქ ერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს, რომ მათ ეშინიათ გააკრიტიკონ საკუთარი თანამოკავშირე. და მეორე, რომ შეიძლება ეს მათთვისაც მისაღები არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დანიაში აქციის დასაშლელად პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა. ვრცელდება ვიდეოც, სადაც პოლიცია მედიის წარმომადგენელსაც გაუსწორდა ფიზიკურად.