შალვა პაპუაშვილი: ერეკლე მეფემ ქვეყანას შეუნარჩუნა ის იდენტობა, რომელიც გეოპოლიტიკური ძვრებით, რისკის ქვეშ იყო, მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ იმ სიბრძნეს, გონიერებას, რომელიც ერეკლე მეფეს ჰქონდა

შალვა პაპუაშვილი

ერეკლე მეფის მთავარი საფიქრალი ქვეყნის გადარჩენა და გამთლიანება იყო, მან შეძლო ნაწილობრივ მაინც, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, ქვეყანას შეუნარჩუნა ის იდენტობა, რომელიც მაშინდელი გეოპოლიტიკური ძვრებით, რისკის ქვეშ იყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დღესაც მოვუხმოთ იმ სიბრძნეს, გონიერებას, სიმამაცეს, გმირობას, რომელიც ერეკლე მეფეს ჰქონდა.

„მთლიანად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კახელებს, ვულოცავ ერეკლეობას. იმ მეფის ხსენებას, რომელსაც ხალხი მამას უწოდებდა. იმ მეფის ხსენებას, რომელიც მეფობდა არა მხოლოდ გვირგვინით, არამედ გულით. ერეკლე მეფის მთავარი საფიქრალი ქვეყნის გადარჩენა და გამთლიანება იყო. მან შეძლო, ნაწილობრივ მაინც, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, შეძლო, რომ ქვეყანას მე-18 საუკუნის მთავარი ქარტეხილები გამოატარა და შეუნარჩუნა ის იდენტობა, რომელიც მაშინდელი გეოპოლიტიკური ძვრებით, რისკის ქვეშ იყო. დღესაც, იგივე გამოწვევების წინაშე მდგომმა ქვეყანამ, მნიშვნელოვანია, მოვუხმოთ იმ სიბრძნეს, გონიერებას, სიმამაცეს, გმირობას, რომელიც ერეკლე მეფეს ჰქონდა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.