შალვა პაპუაშვილი: ჩვენი გეგმა ყოველთვის არის ერთი რამ, რომ ვიყოთ პირნათელი ჩვენი საზოგადოების წინაშე და ვიმოქმედოთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად

შალვა პაპუაშვილი

ჩვენი გეგმა ყოველთვის არის ერთი რამ, რომ ვიყოთ პირნათელი ჩვენი საზოგადოების წინაშე და ვიმოქმედოთ საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის ეთერში კითხვაზე, რას აპირებს ხელისუფლება, რათა არ დადგეს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების, ომში ჩართვისა და ხელისუფლების ცვლილების საკითხი.

„ეს ორი პრინციპი არის, რატომაც ვიმარჯვებთ ყოველ ჯერზე ასეთი პერიპეტიების დროს. მეორე მხარეს არის სიყალბე, ღირებულებებზე ყალბი საუბარი, ევროპის დროშას ამოფარებული მოძალადეები და ზიზღის ენის გამავრცელებლები არა მხოლოდ ქართველი რადიკალები, უცხოელი რადიკალებიც. აქეთ მხარეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები და კეთილსინდისიერება ჩვენი საზოგადოების წინაშე. ასე რომ ვუდგებით, ამიტომაც არის, რომ, საბოლოო ჯამში, სიმართლე თავის გზას პოულობს ხოლმე. ჩვენ გამოვდივართ ჩვენი საზოგადოების ინტერესებიდან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საზოგადოება მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, მათ შორის ამ არჩევნებზე.

„ახლა ამ პერიოდს ფუჭად კარგავს რადიკალური ოპოზიცია. გაიყო ოთხი ბარიერგადალახული პარტია, ორი იღებს მონაწილეობას, ორი – არა. ჯერ კიდევ ვერ გაერკვნენ ერთმანეთში, რა უნდათ და როგორ ჩამოყალიბდებიან. სექტემბერში ყველა ნახავს, გარედან ძალები როგორ დააყენებენ მათ ერთად საქართველოს წინააღმდეგ და მიიღებენ ბოლოს პასუხს არჩევნებზე, მერე გაუკვირდებათ, ქართველი ხალხი ხმას რატომ არ აძლევს მათ, რომლებიც ქვეყანას არეულობისკენ ექაჩებიან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.