საქართველოს მთავრობისთვის პრო-კრემლისტური იარლიყის მიწებება მხოლოდ იმის გამო, რომ მას რუსეთთან კიდევ ერთი ძვირადღირებული ომის თავიდან აცილება სურს, ინტელექტუალური სიზარმაცეა - Responsible Statecraft

სტატია

ეკონომიკური მიზეზების, მაგრამ ასევე თვითგადარჩენის მიზნით, საქართველოს არ სურს, რომ მსხვილ სახელმწიფოებთან ურთიერთობებში იძულებული გახდეს, რომელიმე მხარე აირჩიოს - საქართველოს პრეზიდენტის ღია წერილი დონალდ ტრამპისადმი, შესაძლოა, მზარდი ჩინური გავლენის დაბალანსების მცდელობა იყოს, - ნათქვამია გამოცემა Responsible Statecraft-ის სტატიაში.

სტატიის ავტორი, ყოფილი ბრიტანელი დიპლომატი, იან პრაუდი - აღნიშნავს, რომ მიხეილ ყაველაშვილის ტრამპისადმი წერილი ვაშინგტონთან სტრატეგიული კავშირების აღდგენისკენ მოწოდებაა.

„ის [წერილი] მიტოვებული მეგობრის ტონით იყო დაწერილი, სადაც საუბარია ამერიკის მხრიდან ყურადღების ნაკლებობაზე, რაც „ქართველ ხალხში ბადებს ეჭვებსა და კითხვებს, თუ რამდენად თავისუფალი და გულწრფელია თქვენი ადმინისტრაციის ქმედებები რეგიონში მშვიდობის განმტკიცების კუთხით“, - აღნიშნულია სტატიაში.

იან პრაუდის თქმით, წერილის კონტექსტი 2024 წლის დეკემბერში ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის გაუქმების გადაწყვეტილებას ეხება.

„ბაიდენის მიერ ქარტიის გაუქმებას წინ უძღოდა საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც თან ახლდა მასშტაბური საპროტესტო აქციები თბილისში. არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება, რომ არჩევნები გაყალბდა. მოიგო ერთადერთმა პოლიტიკურმა პარტიამ საქართველოში, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით მხარდაჭერა აქვს და საკმარისი ფინანსური რესურსები საკუთარი კამპანიის დასაფინანსებლად. ამას ხელი არ შეუშლია ზოგიერთი ამერიკელი პოლიტიკოსისთვის, რომ გაეგრძელებინათ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნა და ზეწოლა ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად“, - ნათქვამია სტატიაში.

„თუმცა, არასდროს ყოფილა მკაფიო, თუ რას მოემსახურებოდა საქართველოსთვის სანქციების დაწესება, გარდა იმისა, რომ ქვეყანას ჩინეთთან დაახლოებისკენ უბიძგებდა. საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობა 4 მილიონზე ნაკლებია, ხოლო ეკონომიკა, მსყიდველობითი უნარის პარიტეტის მიხედვით, $142 მილიარდს შეადგენს. აშშ-ის სავაჭრო ბრუნვა საქართველოსთან მცირეა და 2024 წელს $2.9 მილიარდი იყო“, - წერს სტატიის ავტორი.

იან პრაუდი აღნიშნავს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველო თანმიმდევრულად იკავებს თავს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისგან, მიუხედავად იმისა, რომ ამას ევროპა აკეთებს.

„მაგრამ ეს რუსეთის მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს კი არა, პრაგმატიზმს ასახავს. საქართველო თანმიმდევრულად აცხადებს წინააღმდეგობას ომის მიმართ და გასულ კვირას, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი სოლიდარობა“, - აღნიშნულია სტატიაში.

„საქართველოს მთავრობისთვის პრო-კრემლისტური იარლიყის მიწებება, მხოლოდ იმის გამო, რომ მას რუსეთთან კიდევ ერთი ძვირადღირებული ომის თავიდან აცილება სურს, რაც, სულ მცირე, უკრაინის მსგავსად ეკონომიკურად გაკოტრებულ სახელმწიფოდ აქცევს, ინტელექტუალური სიზარმაცეა“, - ხაზგასმით აღნიშნავს იან პრაუდი.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა მრავალვექტორულ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რაც, მათ შორის, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებასაც მოიცავს.

„საქართველოს აშკარად სურს, საკუთარი გზით იაროს. ეს მოიცავს როგორც ეროვნული ინტერესების პირველ ადგილზე დაყენებას, ასევე, იმ საკითხების გადაჭრას, რასაც ამჟამინდელი ხელისუფლება დასავლეთის მთავრობების მხრიდან „ხელისუფლების შეცვლის მცდელობებად“ მიიჩნევს. პრეზიდენტი ყაველაშვილი თავის წერილში ტრამპს არწმუნებს, რომ აშშ-ის „დიფ სთეითი“ კვლავ აქტიურია, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა შეამცირა საგარეო დახმარება, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არასამთავრობო ორგანიზაციებთან დაკავშირებული მედია-საშუალებების მხარდაჭერაზე“, - ნათქვამია სტატიაში.

იან პრაუდის თქმით, საქართველოს მთავრობა კვლავ ერთგულია ევროინტეგრაციის გზისადმი, თუმცა საკუთარი პირობებით.

„პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილი, შესაძლოა, უხერხული დიპლომატიური მცდელობა იყო, აშშ-თან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან საქართველოსთან ურთიერთობის ნაკლებობა, შესაძლოა, უბრალოდ, მისი გადატვირთული გრაფიკით იყოს გამოწვეული. უკრაინამ, ახლო აღმოსავლეთმა და ჩინეთმა ამერიკის საგარეო პოლიტიკის დიდი ნაწილი დაიპყრეს, მან კი უკვე მოახერხა ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების შუამავლობა სამხრეთ კავკასიაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის“, - დასძინა იან პრაუდმა.