საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ ინფორმაცია მოისმინა

საპროცედურო საკითხთა კომიტეტი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის შესახებ პარლამენტის კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაცია შეისწავლა.

საკითხის შესწავლის შედეგები დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გააცნო. მისი განმარტებით, საანგარიშო პერიოდში, 2025 წლის 1 აპრილიდან 30 ივნისის ჩათვლით, პარლამენტის არც ერთ კომიტეტს არ მიუღია გადაწყვეტილება თანამდებობის პირის სხდომაზე მოწვევის შესახებ. ასევე, არც ერთ ფრაქციას არ მოუთხოვია კომიტეტის სხდომაზე, სავალდებულო წესით, თანამდებობის პირის დასწრება.

მომხსენებლის ინფორმაციით, შესწავლილ პერიოდში, ასევე, საქართველოს პარლამენტის 147-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ არც ერთ თანამდებობის პირს არ მიუმართავს საქართველოს პარლამენტის კომიტეტისთვის შესაბამისი კომიტეტის სხდომაზე მოსმენის მოთხოვნით. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა აღნიშნული საკითხი ცნობად მიიღო.

„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, შესწავლის შედეგები პარლამენტის ბიუროს წარედგინება. აგრეთვე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს აღნიშნული ინფორმაციის პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებას“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომიტეტის სხდომაზე არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონის პროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძის, შოთა მარტინენკოს, ირაკლი მარტინენკოს და სერგო ხურციძის შემადგენლობით) რეგისტრაციის საკითხი განიხილეს, რომელსაც კომიტეტის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

დავით მათიკაშვილის განმარტებით, წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გარკვეული ხარვეზები აღმოჩნდა, იგი არ აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, რის გამოც კომიტეტის დასკვნა უარყოფითია. „ინიციატორების მიერ ხარვეზების გამოსწორების შემდგომ წარმოდგენილი საკითხი ხელახლა განიხილება. თუკი ინიციატივა ყველა შესაბამის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს, ცხადია, დადებით გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს.