1754907848
სამშობლოს დაცვის ვალდებულება იყო მათთვის უზენაესი და მათ თავი დადეს უპრეცედენტო ბრძოლაში - ლანა გალდავა შინდისის გმირებზე

შინდისის მემორიალთან სასულიერო პირებმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინეს. დღეს შინდისში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 17 წლის წინანდელი მოვლენები. გმირების მემორიალთან ჩავიდნენ პოლიტიკოსებიც.
პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, შინდისის მოვლენები რთულთან ერთად საამაყო დღეა, რადგან სამხედროებმა ქვეყნის დასაცავად გააზრებულად გაწირეს თავი.
"ისტორია გმირობის არის ის ბრძოლა, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, სამშობლოს დასაცავად, გასწიეს ჩვენმა სამხედროებმა და ეს არის იმ გმირობის ისტორია, როდესაც იცოდნენ რაზე მიდიოდნენ და ამას აკეთებდნენ იმისთვის, რომ სამშობლო დაეცვათ. რა თქმა უნდა, ეს არის რთული დღე, მაგრამ ამავდროულად არის სიამაყის ისტორია", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, შინდისის ბრძოლამ საზოგადოებას დაანახა, რომ სწორედ ასეთი გმირების სისხლზე დგას ქვეყნის სახელმწიფოებრიობა.
"სამშობლოს დაცვის ვალდებულება იყო მათთვის უზენაესი და მათ თავი დადეს უპრეცედენტო ბრძოლაში. ამ ბრძოლამ დაგვანახა, რომ ასეთი გმირების სისხლზე დგას ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რაც აუცილებლად მიგვიყვანს გაერთიანებამდე და გამარჯვებამდე ", - განაცხადა ლანა გალდავამ.