,,საბოტაჟის მუხლი, ხელის შეშლის, რევოლუციის ორგანიზების და ა.შ. ეს ის თემა არ არის, რომელიც პოლიტიკური ტრიბუნიდან უნდა გავარჩიოთ" - გიორგი ვოლსკი

ვოლსკი

 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ახალი ბრალდებების წარდგენას ლოგიკურად მიიჩნევენ მმართველ გუნდში. "ქართულ ოცნებაში" დარწმუნებული არიან, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიცია კიდევ რადიკალური ქმედებებისთვის იყო მზად, რომელიც ძალოვანების ოპერატიული ჩარევის გამო ვეღარ განხორციელდა და თვლიან, რომ ყველა კანონის დამრღვევმა შესაბამისი პასუხი უნდა აგოს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ქმედებები, რომელიც 4 ოქტომბერს განვითარდა, ყველამ იცის, რომ არ შეესაბამება იმ კანონს, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ ზოგადად დემოკრატიებში მოქმედებს.

"ყველამ იცის, მომხრემაც და მოწინააღმდეგემაც, რა ხდებოდა და ზუსტად იცის, რომ ეს ქმედებები არ შეესაბამება იმ კანონს, რომელიც არა მარტო ჩვენთან, ზოგადად დემოკრატიებში მოქმედებს. საბოტაჟის მუხლი, ხელის შეშლის, რევოლუციის ორგანიზების და ა.შ. ეს ის თემა არ არის, რომელიც პოლიტიკური ტრიბუნიდან უნდა გავარჩიოთ. მაგრამ, ფაქტია, რომ უცნობი არაფერი არ არის," - აცხადებს გიორგი ვოლსკი.