„სააკაშვილის რეჟიმი ძალიან არაადამიანურად მომექცა - კომისიის მიმართ ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ დადგეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ლიკვიდაცია - გიორგი ხოჭავა

გიორგი ხოჭავა

ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა იწყება. 2003–2012 წლებში მოქმედი ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი კომისიის წევრების კითხვებს კიდევ ერთი დაზარალებული - გიორგი ხოჭავა უპასუხებს.

დაზარალებული თავად ისაუბრებს საკუთარ საქმეზე. ის 2010 წელს, ზუგდიდში დააკავეს. ხოჭავამ სასჯელი ზუგდიდის მე-4 პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადა. როგორც თავად ამბობს, მას არჩადენილ ბრალს ედავებოდნენ. დაზარალებულის თქმით, მის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

ხოჭავას 2014 წელს მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი. ამავე წელს დადგა განაჩენი მის საქმეზე - 6 პირის წინააღმდეგ.

"ვიყავი რეპრესირებული სააკაშვილის რეჟიმის მიერ. რეჟიმი ძალიან არაადამიანურად მომექცა. დღეს, კომისიის მიმართ ჩემი თხოვნა და მოთხოვნა იქნება, რომ დადგეს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური ლიკვიდაცია", - აცხადებს ხოჭავა "კურიერთან" საუბრისას.