ქართველი ხალხი მუდამ იდგება საკუთარ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ჭეშმარიტად ევროპული და ჭეშმარიტად ქრისტიანულია - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, დეპუტატებთან ერთად,  ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო.

პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა, რომლის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები,  მოქალაქეებთან ერთად, სამების ტაძრისკენ, საზეიმო მსვლელობით გაემართნენ.

შალვა პაპუაშვილმა სრულიად საქართველოს ოჯახის სიწმინდის დღე მიულოცა.

„ყველას მივულოცავ ოჯახის სიწმინდის დღეს. აქ ჩანს, რა არის ჩვენი ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ვდგავართ გზაზე, რომელიც არის არა ამწუთიერი, ხელოვნური, თავსმოხვეული, არამედ მარადიული. ეს არის ამავე დროს შეხსენება ყველასთვის, შინ და გარეთ, რომ ქართველი ხალხი მუდამ იდგება იმ ღირებულებებზე, რომელიც ჭეშმარიტად ქართული, ჭეშმარიტად ევროპული და ჭეშმარიტად ქრისტიანულია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებას და მსვლელობას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დღედ, 2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოცხადდა.