პრეზიდენტი მსჯავრდებული პოლიტიკოსების შეწყალებაზე: ჩემგან შეთავაზება ძალაშია - თავისთავად ეს პოლიტიკური აქტია და გვინდა, დაანახონ შემდეგი შანსი იმ მოქალაქეებს, რომელთაც არწმუნებენ, რომ ისინი უკეთესები არიან

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების მიმართ შეთავაზება, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არიან, მიმართონ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, მისი მხრიდან ძალაში რჩება.

„როდესაც გვჭირდება ჩვენ ალტერნატიული ჯანსაღი აზრი, ეს უნდა მოდიოდეს ოპოზიციიდან. ოპოზიციის საქმიანობა ამა უნდა ემსახურებოდეს, რომ უკეთესი შესთავაზოს, ვიდრე ხელისუფალს აქვს შეთავაზებები; უკეთესად წარმოჩნდეს მოქალაქეებთან, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მობრძანდნენ ხელისუფლებაში. თუ აკეთებს ხელისუფლება, უნდა დააჯერონ მოქალაქეები, რომ მათ უკეთ შეუძლიათ, მაგრამ ჩვენ ხომ ასეთი ოპოზიცია არ გვყავს, ჩვენდა სამწუხაროდ! არიან დაკავებული მავნებლობით.

ამ შემთხვევაში, მე გამოვიყენე სახელმწიფოებრივი ხედვა. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა, რომ მონაწილეობა მიიღოს თვითმმართველობის არჩევნებში. ის, რომ მათ თავად გადაწყვიტეს და მთელმა საქართველომ იცის, რომ მიზანმიმართულად გააკეთეს, დაარღვიეს კანონი და სახელმწიფო ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა განსხვავებული მათ მიმართ - დამნაშავეს სჭირდება დასჯა და ისინი მოხვდნენ გისოსებს მიღმა, მაგრამ კიდევ ერთხელ, კეთილი ნებაა ეს, თავისთავად პოლიტიკური აქტია და გვინდა, დაანახონ შემდეგი შანსი იმ მოქალაქეებს, რომელთაც არწმუნებენ, რომ ისინი უკეთესები არიან, სრულყოფილად მიიღონ მონაწილეობა. ეს არის შესაძლებლობა, თუ გამოიყენებენ“, - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, მისი შეთავაზება ძალაში რჩება.

4 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტმა მიმართვა გაავრცელა, რომელშიც მიხეილ ყაველაშვილი პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს სთავაზობს შეწყალების შესახებ განცხადებით მიმართონ და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვან. პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში, შეწყალების აქტს დაუყოვნებლივ გამოსცემს.