პოლიტიკური გიენები პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიით... წლებია, ასე იქცევიან და მომავალშიც ასე მოიქცევიან - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკური გიენები არიან, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ნგრევასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, რომ "გუშინ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ოპოზიციურმა მხარემ პოლიტიკური სპეკულაციები დაიწყო", რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ "ამაში გასაკვირი არაფერი არ არის".

"ეს არის ის, რაც ნაკვებია გარედან, ისტერია და ჩასაფრება, რომ რაიმენაირად ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკურად ისპეკულირონ. ესენი არიან ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტები, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ბედისწერით. ასე რომ, არაფერი ახალი არ არის. წლებია, ასე იქცევიან და მომავალშიც ასე მოიქცევიან. პოლიტიკური გიენები არიან, რომლებიც პარაზიტობენ ადამიანების ტრაგედიით", – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი გუშინ ჩამოინგრა. ბოლო მონაცემებით, ნგრევის შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული.