თესალონიკში საცხოვრებელი კორპუსი აფეთქდა - არის მსხვერპლი
1746261126
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ახალგაზრდა პარლამენტართა ქსელის წევრის, ლევან მახაშვილის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.
ახალგაზრდული მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისადმი მიძღვნილ ერთდღიან კონფერენციაზე დისკუსიები გახსნეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ. ღონისძიებაში დედაქალაქის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 50-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
ღონისძიების მიზანი იყო მიგრაციის საკითხზე ახალგაზრდების საჭიროებების შესწავლა და იდეების განხილვა. სამუშაო ფორმატში შედგა სიღრმისეული დისკუსია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. გაიმართა პრეზენტაციები, სადაც ახალგაზრდებმა საკუთარი ხედვა წარადგინეს. ახალგაზრდების მიერ შემუშავებული რეკომენდაციები 2025 წლის ივლისში დაგეგმილ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში აისახება.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„მნიშვნელოვანია, ადამიანების მიერ მიღებული ცოდნა-განათლება მოხმარდეს საკუთარ ხალხს, ქვეყნის წინსვლას და განვითარებას. იმისთვის, რომ განათლების მისაღებად ადამიანებს არ სჭირდებოდეთ არსად წასვლა, უმაღლესი განათლების მიმართულებით გვაქვს გეგმები - გვქონდეს თანამედროვე გამოწვევებზე მორგებული, დროში სწრაფი და მიზანზე ორიენტირებული უმაღლესი და პროფესიული განათლება, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს საჭირო ცოდნას და ღირსეულად შემოიყვანს შრომით ბაზარზე”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა, მიგრაცია ბუნებრივი პროცესია და უკავშირდება ახლის ძიებას.
„ადამიანებს სურთ უკეთესი საცხოვრებელი და საარსებო პირობების მოძიება. მთავარია, ჩვენ უზრუნველვყოთ სათანადო გარემო, გქონდეთ ღირსეული სამუშაო, მოახდინოთ თქვენი თავის რეალიზება. უნდა ესტუმროთ სხვადასხვა ქვეყნებს, ისწავლოთ, სტაჟირება გაიაროთ სხვაგანაც, მაგრამ მიღებული ცოდნა აუცილებლად უნდა ჩამოიტანოთ აქ და მოახმაროთ თქვენს სამშობლოს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის განაცხადებით, ეუთო-ს ახალგაზრდა პარლამენტართა ქსელი განიხილავს ყველა იმ საკითხს, რაც ახალგაზრდებისთვის არის საინტერესო და მნიშვნელოვანი.
„ერთ-ერთი თემა, რომელსაც წელს ყურადღებას ვუთმობთ, არის ახალგაზრდების მიგრაცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები და შესაძლებლობები როგორც გამგზავნი, ისე მიმღები ქვეყნებისთვის. დღეს გამართული დისკუსიების მიზანია, რომ პარლამენტარებმა თქვენგან, ახალგაზრდებისგან წამოსული ინიციატივები გამოიყენონ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებაში“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ ახალგაზრდებს უმაღლესი და პროფესიული განათლების მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ყურადღება გაამახვილა ამ კუთხით სახელმწიფოს პოლიტიკაზე.
„ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სამუდამო მიგრაციას. ჩვენი საუკეთესო მიზანია, რომ ბევრ ახალგაზრდას სასწავლებლადაც არ უწევდეს უცხოეთში წასვლა. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ გქონდეთ ყველა შესაძლებლობა, რათა საკუთარ სამშობლოში განვითარდეთ“, - აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.