პარლამენტი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს მოისმენს

ანრი ოხანაშვილი

დღეს პარლამენტი, პლენარულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2024 წლის ანგარიშს მოისმენს. კანონმდებლებს ანგარიშს უწყების ხელმძღვანელი, ანრი ოხანაშვილი წარუდგენს.

ანგარიში შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებს, სახელმწიფო უსაფრთხოებასა და კონტრდაზვერვით საქმიანობას, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას, ასევე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, სამართლებრივი ბაზის განვითარებას და სასამართლოებთან ურთიერთობას, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და უწყებათაშორის კოორდინაციას, ასევე, მდგრადობასა და ინსტიტუციურ განვითარებას.

მმართველი გუნდი სუსი-ს მიერ გაწეულ მუშაობას დადებითად აფასებს. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი გაიმართება.

„ანგარიშში წარმოდგენილია რეგიონში მიმდინარე პროცესები. იქნება გაკეთებული ანალიზი უსაფრთხოების თვალსაზრისით, იქნება საუბარი გამოწვევებზე. ჩვენ მანამდე არაერთი მოსმენა გვქონდა როგორც კომიტეტში, ასევე ნდობის ჯგუფის ფორმატში და ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან დადებითად ვაფასებთ მათ საქმიანობას. ეს არის ძალიან მაღალპროფესიული გუნდი, რომელიც უმაღლესი სტანდარტებით ასრულებს თავის მოვალეობას როგორც ქვეყნის შიგნით (ამ გადატრიალების მცდელობების თვალსაზრისით) ასევე ტერორიზმის კუთხით“, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ.