პაპუაშვილი ბრალდებულ ოპოზიციონერებზე: ყველაფერი, რაც გუშინ გენპროკურორის მხრიდან მოვისმინეთ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა - არ მოეწონებათ მართლმსაჯულების გადაწყვეტილება? მიმართონ სტრასბურგს და იქაც რომ დამარცხდებიან, მერე მოიხადონ ბოდიში

პაპუაშვილი

რახან პროკურატურამ ამ პირებს ბრალი წარუდგინა, შესაბამისად არის გონივრული ეჭვის ის სტანდარტი, რომელიც საკმარისია ბრალის წარსადგენად. სამართლებრივ შეფასებას მე ვერ გავაკეთებ, ეს პროკურატურის და ახლა უკვე სასამართლოს სამსჯელოა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. მას კითხვა დაუსვეს ბრალდებულ ოპოზიციონერებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, თუ ვინმეს კითხვები ექნება ქართული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, შეუძლია ევროსასამართლოს მიმართოს.

„ყველაფერი, რაც გუშინ გენპროკურორის მხრიდან მოვისმინეთ, ჩვენს თვალწინ ხდებოდა. არ ხედავდით როგორ ადგენდნენ შავ სიებს საქართველოს მოქალაქეების, რომ საქართველო ყოფილიყო თავდასხმის ობიექტი გარედან?! არ ხედავდით როგორ დადიოდნენ უცხო ქვეყნებში საქაღალდეებით და თან ტრაბახობდნენ, რომ უნდათ შავი სიები მიაწოდონ უცხო ქვეყნებს იმისთვის, რომ საქართველო თავდასხმის ობიექტი იყოს?! ეს ყველაფერი გამჭვირვალე პროცესია. თუ ვინმეს რამე ეჭვი აქვს, მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს. ხომ მიმართეს, თან რამდენჯერ: „რუსთავი 2“-ზე მიმართეს - დამარცხდნენ, სააკაშვილზე მიმართეს, - დამარცხდნენ, მელიაზე - დამარცხდნენ, გვარამიაზე - დამარცხდნენ, ყველაფერზე დამარცხდნენ ისინი და მათი აქ მყოფი მხარდამჭერი ელჩები და უცხოელი დავალების მიმცემები. რამე პრეტენზია ექნებათ, არ მოეწონებათ მართლმსაჯულების გადაწყვეტილება? მიმართონ სტრასბურგს და იქაც რომ დამარცხდებიან მერე მოიხადონ ბოდიში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ.