ნიუ იორკის შტატის ასამბლეამ 26 მაისი ნიუ იორკის შტატში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა

მიღება საკონსულოში

ნიუ იორკში, ჰარვარდის კლუბში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც საქართველოს გენერალურმა საკონსულომ უმასპინძლა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ. გამოსვლაში მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მჭიდრო თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას და ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე.

საქართველოს გენერალურ საკონსულოს საზეიმოდ გადაეცა ნიუ იორკის შტატის ასამბლეის საკანონმდებლო რეზოლუცია, რომლითაც 26 მაისი აღიარებული იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ ნიუ იორკის შტატში.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე, ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უცხოელ მისიათა ნიუ-იორკის რეგიონალური ოფისის დირექტორი კეტლინ იგენი, ნიუ იორკში აკრედიტებული საზღვარგარეთის ქვეყნების ელჩები და გენერალური კონსულები, ადგილობრივი ხელისულფლების ორგანოების, მათ შორის, ნიუ იორკის მერიის წარმომადგენლები და ქვინსის რაიონის ვიცე-პრეზიდენტი, სავაჭრო-სამრეწველო პალატების პრეზიდენტები და ქართული კულტურული ცენტრების ხელმძღვანელები.