ნინო წილოსანი პაველ ჰერჩინსკის წერილზე: ამ წერილში ნათლად არის ნაჩვენები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერების მიზეზი თავად ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება იყო და არა ირაკლი კობახიძის განცხადება

ნინო წილოსანი

ალბათ, უკვე ორი აზრი არ არსებობს ვისი მხრიდან ხდებოდა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შეფერხება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილს საგარეო უწყებისადმი, სადაც ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღეს.

„ამ წერილშიც ნათლად არის ნაჩვენები, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შეჩერების [მიზეზი] თავად ევროპის საბჭოს გადაწყვეტილება იყო და არა ირაკლი კობახიძის განცხადება. საინტერესოა, აქციის მონაწილეები, თუნდაც ის რამდენიმე ათეული ადამიანი, რომელიც რუსთაველზე იკრიბება ყოველდღე, გააპროტესტებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ მოთმინებით დაველოდებით, როდის გახდება ევროკავშირის გაფართოება რეალური მიზანი თავად ევროკავშირისთვის და გაფართოების იდეას უკვე აღარ გამოიყენებენ სხვა ქვეყნების წინააღმდეგ თავიანთი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად“, - აღნიშნა წილოსანმა.