ნიკოლოზ გულუა: „ბანკი „ქართუ“ არაერთხელ გახდა „ტვ პირველის“ თავდასხმის ობიექტი და ამჯერად, საქმე ეხებოდა ინფორმაციას, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყენებული იყო ქონების გადასამალად. ცილისწამების მიზანი ბანკის დისკრედიტაციაა

ნიკოლოზ გულუა

„ბანკი „ქართუ“ არაერთხელ გახდა „ტვ პირველის“ თავდასხმის ობიექტი და ამჯერად, საქმე ეხებოდა „ტვ პირველში“ გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ბანკი ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოყენებული იყო ქონების გადასამალად - ოლიგარქის ბანკი გამოიყენება ოლიგარქის გარემოცვის მიერ თავიანთი ოპერაციების საწარმოებლად, - განაცხადა „ქართუ ბანკის“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ გულუამ.

მისივე თქმით, ასევე მოხსენიებული იყო, რომ ბანკი წარმოადგენს ყველაზე არაგამჭვირვალე ფინანსურ ინსტიტუტს საქართველოში.

„ამ განცხადებებზე, რაც სრული სიცრუეა, მოხდა ბანკის მხრიდან რეაგირება ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში. ჩვენ არაერთი სარჩელი გვაქვს წარდგენილი „ტვ პირველის“ წინააღმდეგ, მატ მიერ განხორციელებულ ცილისწამებასთან დაკავშირებით. ბანკი არის ფონდ „ქართუს“ მფლობელობაში და ემსახურება ფონდის პროექტებს, ბანკიდან მიღებული მოგება ემსახურება ფონდის პროექტების განხორციელებას და საქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯება შემდგომში ეს თანხა ფონდის მიერ. სხვა პირებზე ბანკის მოგების განაწილება კანონით აკრძალულია.

ცილისწამების მიზანია, რომ ბანკი „ქართუს“ დისკრედიტაცია მოხდეს, ის წარმოჩინდეს, როგორც ერთი ჯგუფისა და ერთი პირის ინტერესების გამტარებელ ბანკად, რაც რა თქმა უნდა, ასე არ არის. ბანკი იცავს ეროვნული ბანკის რეგულაციებს. დაკავშირებულ მხარეებთან საკმაოდ მკაცრი რეგულაციაა“, - განაცხადა ნიკოლოზ გულუამ.

ბანკი „ქართუ“ „ტვ პირველს“ სასამართლოში ცილისწამებისთვის უჩივის. საქმე ეხება ინფორმაციას, რომელიც ოპოზიციურმა არხმა ფაქტების გარეშე გააშუქა.