ნიკოლეიშვილი: ოპონირების ერთ-ერთი მთავარი მიზანია არგუმენტებით, კულტურულად შეძლო შენი მოსაზრებების გატანა, მაგრამ, როდესაც ამას ადამიანები ვერ ხვდებიან, მაშინ კანონი უნდა ჩაერთოს და კანონის მიხედვით მოხდეს ამ ყველაფრის აღსრულება

ლევან ნიკოლეიშვილი

სამართლებრივი რეგულაციები ემსახურება იმას, რომ ადამიანებმა მიიღონ ის წესები, რაც არის დაწესებული სახელმწიფოს მიერ, რომ წესრიგი იყოს. წესრიგის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა ადამიანების ურთიერთობა, როგორც სცემენ ერთმანეთს პატივს, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

ლევან ნიკოლეიშვილი ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ რადიკალური ჯგუფების მხრიდან ზიზღისა და სიძულვილის კამპანიაზე სამართლებრივი დავის დაწყებას გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ ვხედავთ იქნება ეს სოციალური ქსელი, ტელევიზია თუ სხვა ადგილებში, რომ ადამიანები ერთმანეთის თავდასხმაზე არიან გადასული. როდესაც ეს ყველაფერი ზღვარსა და ადამიანურ ურთიერთობებს სცილდება, ეს კარგი სანახავი არ არის. ეს არ ეკადრება ჩვენს ქვეყანას, ისტორიას თუ კულტურას. ამიტომ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ და არ შეიძლება პოლიტიკური თუ განსხვავებული აზრის გამო ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა მიაყენონ.

შეიძლება ადამიანს არ ეთანხმებოდა, მისი ოპონენტი იყო, განსხვავებული აზრი გქონდეს, მაგრამ ოპონირების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ის არის, რომ შენ არგუმენტებით, კულტურულად შეძლო შენი მოსაზრებების გატანა, მაგრამ როდესაც გინებაზე გადადიხარ და მდარე სიტყვებით ცდილობ ვიღაცის დაკნინებას, ეს პირიქით, შენი თავისთვის არის შეურაცხმყოფელი. მაგრამ, როდესაც ამას ადამიანები ვერ ხვდებიან, მაშინ კანონი უნდა ჩაერთოს და კანონის მიხედვით უნდა მოხდეს ამ ყველაფრის აღსრულება“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.

ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ Facebook-ზე დაწერილ და გამოთქმულ შეურაცხმყოფელ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელით უკვე მიმართა. უწყებაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კონკრეტული მაგალითებია შეტანილი.