ახალციხეში, საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის ბავშვის ექსპერტიზის პასუხი ცნობილია
1752263534
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრთან, მიქაელ ჯაბაროვთან შეხვედრა გამართა.
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დანიშვნა მიულოცა, საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ეს იქნება ახალი წარმატებული თანამშრომლობის გაგრძელება.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პრიორიტეტული მიმართულებები, აგრეთვე თანამშრომლობის პერსპექტივები რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტებში.
„ხაზი გაესვა იმ პოზიტიურ დინამიკას, რომელიც ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ვაჭრობაში არსებობს. აღინიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2025 წლის იანვარი-მაისის მონაცემებით, აზერბაიჯანში საქართველოს ექსპორტი 12 პროცენტით გაიზარდა. ამის მიუხედავად აღინიშნა, რომ საქართველოს აზერბაიჯანის ბაზარზე ექსპორტის გაზრდის პოტენციალი აქვს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ინვესტიციები, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, ტურიზმი, სამოქალაქო ავიაცია, სოფლის მეურნეობა, კავშირგაბმულობა და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რეგიონული პროექტების განხორციელების ხელშეწყობაზე. მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სექტორში. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის აზერბაიჯანი ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული ბაზარია და, 2024 წლისა და 2025 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, მეხუთეა იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი შემოდის საქართველოში. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით ურთიერთობების განვითარებასა და სიხშირეების, მიმართულებების დამატების შესაძლებლობაზე. შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა აზერბაიჯანელი კოლეგა თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მოიწვია, რომელიც მიმდინარე წელს მეხუთედ ჩატარდება“, – ნათქვამია საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე.