ტრაგედია გენო პეტრიაშვილის ოჯახში
1753127552
2025 წლის 6 თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.8%-ით არის გაზრდილი. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 2 მლრდ დოლარს მიაღწია, - ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
„მივიღეთ 1-2 კვარტლის შემოსავლები ტურიზმის ინდუსტრიიდან - ეკონომიკაში დაგენერირდა უპრეცედენტო, თითქმის 2 მლრდ აშშ დოლარი, რომელიც 2025 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.8%-ით არის გაზრდილი.
აღსანიშნავია ის ქვეყნები, საიდანაც განსაკუთრებით მოიმატა შემოსავლებმა: ეს არის ისრაელი - პირველ ადგილზე, ბრიტანეთი და ევროკავშირი მოჰყვება მას, ასევე საუდის არაბეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი. მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ ის სტრატეგია, რომელიც ქვეყანას აქვს ტურიზმისა და ავიაციის განვითარების მიმართულებით, მიჰყვება ფეხდაფეხ შემოსავლებს.
ჩვენ რამდენიმე ხნის წინ მივიღეთ საერთაშორისო მოგზაურების სტატისტიკა და ზუსტად ანალოგიურად, საიდანაც იზრდება საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა, ზუსტად ანალოგიურად იზრდება შემოსავლებიც. ასევე, ჩვენი კამპანიები, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახორციელებს, სწორედ ამ ბაზრებზეა ორიენტირებული.
შარშან და წელს ახალი ავიარეისები და სიხშირეები სწორედ ამ მიმართულებებიდან დაგვემატა, რაც მთლიანობაში თამამად შეიძლება ითქვას, რომ სწორი პოლიტიკისა და სტრატეგიული მუშაობის შედეგად მივიღეთ რეკორდული საერთაშორისო მოგზაური და გაზრდილი შემოსავლები“, - აცხადებს მაია ომიაძე.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ორ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის დონეს 35.4%-ით გადააჭარბა.
საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2025 წლის მეორე კვარტალში წლიურად 5.0%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას – 1,145.0 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
იანვარ-ივნისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა: ისრაელიდან (გაიზარდა 66.4 მლნ აშშ დოლარით, 37.9%-ით და შეადგინა 241.9 მლნ აშშ), ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან (გაიზარდა 30.7 მლნ აშშ დოლარით, 12.5%-ით და შეადგინა 277.0 მლნ აშშ), აზერბაიჯანიდან (გაიზარდა 24.1 მლნ აშშ დოლარით, 30.7%-ით და შეადგინა 102.6 მლნ აშშ), საუდის არაბეთიდან (გაიზარდა 6.2 მლნ აშშ დოლარით, 18.9%-ით და შეადგინა 38.8 მლნ აშშ), სომხეთიდან (გაიზარდა 1.8 მლნ აშშ დოლარით, 2.8%-ით და შეადგინა 66.0 მლნ აშშ)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.