ლოურენს უილკერსონი - საქართველოსთვის საუკეთესო პოზიციაა, დარჩეს ნეიტრალური, ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს, როგორც ჰაბი და შეინარჩუნოს მთავრობა, რომელიც ამ ფილოსოფიას მიჰყვება

ლოურენს უილკერსონი

ძალაუფლების გადანაცვლება დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ შეუქცევადი პროცესია. მართალია, ჩინეთი ამ ცვლილების მთავარი მამოძრავებელია, მაგრამ ეს მხოლოდ მისი დამსახურება არ არის. აშშ-ის პოლიტიკამ უნებლიეთ აიძულა რუსეთი და ჩინეთი, შეექმნათ ფაქტობრივი ალიანსი, – ამის შესახებ აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა, სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2001-2005 წლებში) ლოურენს უილკერსონმა გადაცემაში „42-ე პარალელი“ განაცხადა.

მისივე თქმით, სულ უფრო მეტად ჩანს, რომ ინდოეთიც დაინტერესებულია ამ ჯგუფთან დაახლოებით ან, სულ მცირე, ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით, ნაცვლად იმისა, რომ დასავლეთის მხარე დაიჭიროს.

ამასთან, ლოურენს უილკერსონის რეკომენდაციაა, რომ „საქართველო ამ ცვლილებების ეპიცენტრში აღმოჩნდეს“.

„ჩვენ თავადვე შევუწყვეთ ხელი ამ მასშტაბურ და გარდაუვალ ცვლილებას. ახლა ეს პროცესი იმაზე ბევრად სწრაფად და ჩვენთვის მეტი წინაღობით მიმდინარეობს, ვიდრე საჭირო იყო. ეს დაბრკოლებები ჩვენივე ხელით შევქმენით და უკრაინის კონფლიქტი ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ჩემი რეკომენდაცია საქართველოსთვის, ისევე როგორც ინდოეთისთვის, არის ის, რომ ამ ცვლილებების ეპიცენტრში უნდა აღმოჩნდეთ. ვაჭრობა თქვენს რეგიონზე ორივე მიმართულებით გაივლის: აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ და, სავარაუდოდ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაც. ატლანტიკის მეორე მხრიდან მომდინარე დასავლური ძალაუფლების დაღმასვლა გაცილებით მკვეთრი და სწრაფი იქნება, ვიდრე თავიდან ველოდი.

81 წლის ვარ და შეიძლება მოვესწრო კიდეც იმ დროს, როცა დანარჩენი მსოფლიო ისე აშკარად გაერთიანდება ამერიკის წინააღმდეგ, რომ ჩვენი გადარჩენაც კი გაჭირდება. კონტექსტისთვის გეტყვით: მიზეზი, რის გამოც აშშ-ის სამიზნე ვენესუელას 300 მილიარდი ბარელი ნავთობის მარაგია და, რის გამოც ტრამპის ადმინისტრაცია ნავთობტანკერებს აკავებს, არის ბერკეტის მოპოვება. ამ ნავთობს ხელში თუ არ ჩავიგდებთ, ჩვენ დავკარგავთ უნარს, შევაჩეროთ გლობალურ ნავთობსაზოგადოებაში დაწყებული მოძრაობა, აშშ დოლარიდან სხვა ვალუტებზე გადასვლა. გადავლენ ისინი იუანზე, რუპიაზე, რუბლზე თუ ვალუტების კალათაზე, მნიშვნელობა არ აქვს. გლობალურ ნავთობვაჭრობაში დე-დოლარიზაცია ამერიკული იმპერიისთვის კატასტროფა იქნება. დღეს აშშ მხოლოდ ჩვენი მთლიანი ვალის პროცენტებში წელიწადში ტრილიონ დოლარს იხდის. კონგრესის საბიუჯეტო ოფისი ვარაუდობს, რომ ხუთ წელიწადში ეს ციფრი 2 ან 3 ტრილიონამდე ავა. ეს ეკონომიკურად დაგვღუპავს. ჩვენი საკრედიტო რეიტინგი ფსკერზე დაეცემა, რაც შეუძლებელს გახდის ჩვენი სახაზინო ვალდებულებების მსოფლიო ბაზარზე გაყიდვას. მყიდველების მოსაზიდად მოგვიწევს საპროცენტო განაკვეთების ასტრონომიულ ნიშნულამდე აწევა, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენს ფისკალურ მდგომარეობას“, – მიიჩნევს ლოურენს უილკერსონი.

მისივე აზრით, სწორედ სავალალო ფისკალური მდგომარეობით აიხსნება ვენესუელას ნავთობზე ფოკუსირება.

„ეს დროებითი ამოსუნთქვაა. ვენესუელა უფრო მეტ ნავთობს ფლობს, ვიდრე საუდის არაბეთის ცნობილი მარაგებია. მასზე კონტროლი მოგვცემს იმ ძალას, რომ დავბრუნდეთ ბაზრებზე და შევაჩეროთ გლობალური მოძრაობა დოლარიდან სხვა ვალუტებისკენ ნავთობით ვაჭრობაში. თქვენ ამ ძვრების შუაგულში ხართ. თქვენ არ ჰგავხართ თურქეთს, რომელიც ერთგვარად ეთამაშება იდეას და ალბათ განახორციელებდა კიდეც, რომ ნატო-ს სამხრეთის საყრდენი გამოაცალოს ალიანსიდან გასვლით; მას სურდა ენახა, შეძლებდა თუ არა, თავადვე დაპირისპირებოდა ძალაუფლების ამ შეუქცევად გადანაცვლებას ან მისი ნაწილი მაინც ჩაეგდო ხელთ. ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ერდოღანის თავდაპირველი გეგმა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. ახლა ის ცდილობს, დინებას მიჰყვეს და ისარგებლოს ტრანსპორტირების მოსაკრებლებითა და მილსადენებით, როგორიცაა ჯეიჰანის მილსადენი, რათა ამ სავაჭრო ნაკადებიდან სარგებელი ნახოს. სწორედ ამას ვურჩევ კავკასიასაც: არ დაუკავშირდეთ არცერთ დიდ ძალას, არ აიღოთ არცერთი მსხვილი მოთამაშის „ქრთამი“, იყავით დამოუკიდებლები, იყავით ნეიტრალურები და მიეცით საშუალება ამ გლობალურ ვაჭრობას, თქვენზე გადაიაროს, ვიდრე თქვენ თქვენს წილს იხეირებთ. თქვენ უნდა იყოთ დამოუკიდებელი, ნეიტრალური ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს ამ შეუკავებელ ცვლილებაში და კარგად ხედავს, საით მიცურავს „გემი“ და სად არის ამ ძალის გენერატორი. ეს არ ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან არ მოგიწევთ საქმის დაჭერა ჩინეთთან, რომლის რეალური ძალა უკვე აღემატება მის ამჟამინდელ გლობალურ როლს და ის უფრო მეტისკენ ისწრაფვის. ჩინეთს კარგად ვიცნობ და არ ვფიქრობ, რომ ისინი აუცილებლად საფრთხედ იქცევიან, მაგრამ ისტორია სავსეა მაგალითებით, როცა სახელმწიფოები იმაზე დომინანტები ხდებიან, ვიდრე მსოფლიოს შეუძლია აიტანოს. ამჟამად ჩინეთს არავინ აკონტროლებს, საკუთარი შიდა გამოწვევების გარდა, რომლებიც საკმაოდ სერიოზულია. ჩინეთმა მიაღწია იმ წერტილს, სადაც მისთვის სულერთია ტრამპის ტარიფები იშვიათ მიწა-ლითონებსა და სხვა ნედლეულზე, რომელიც აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს, უფრო სწორად, „ომის დეპარტამენტს“ სჭირდება. როცა ისეთი ძლიერი ხარ, როგორიც ჩინეთი, შეგიძლია, აშშ-ს უთხრა: „ამ ლითონების გაყიდვას იმიტომ კი არ გიბლოკავ, რომ შენი დაზიანება მინდა, არამედ იმიტომ, რომ ჩემს საკუთარ შიდა ინდუსტრიას სჭირდება“. ჩინეთი იმდენად წარმატებულია, რომ თავადვე მოიხმარს იმ მასალებს, რომლებიც დენ სიაოპინმა წლების წინ ასე ოსტატურად ჩაიგდო ხელში. ისინი აღარ ცდილობენ, მსოფლიოს ფასები უკარნახონ; ისინი უბრალოდ ცდილობენ, გამოკვებონ საკუთარი გიგანტური შიდა მრეწველობა“, – აღნიშნა ლოურენს უილკერსონმა.

მისივე თქმით, საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ნახოს მოგება და აკეთოს ბიზნესი ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან.

„ნუ აირჩევთ მხარეს, რუსეთს, ნატო-ს (რომელიც თავისი ძველი დიდების აჩრდილიც აღარაა) და ნურც ამერიკას. გქონდეთ ურთიერთობა ყველასთან და ფოკუსირდით გადარჩენაზე. არავის „დაუკრათ თავი“ და, რა თქმა უნდა, ნუ მოახდენთ რუსეთის პროვოცირებას. მათ 2008 წელს აჩვენეს, რისი გაკეთება შეუძლიათ, როცა განრისხებულები არიან და ეს კიდევ ერთხელ დამაჯერებლად დაამტკიცეს უკრაინაში. აქ სხვა პრობლემაცაა: როგორც კლაუზევიცი აღნიშნავდა, ომს თავისი დინამიკა აქვს, როგორც კი ის დაიწყება. ევროპამ შესაძლოა, შექმნას „თვითაღსრულებადი წინასწარმეტყველება“, სადაც რუსეთი იმაზე შორს წავა, ვიდრე აპირებდა. პუტინმა ნათლად თქვა, რომ მას არ სურს შემდგომი გაფართოება; მას არ სურს უკრაინის „ნარჩენების“ მართვა ან იქაურ რადიკალურ ელემენტებთან გამკლავება. თუმცა, თუ დასავლეთი „საკმარისად სულელი“ აღმოჩნდება, ჩვენ შეიძლება სწორედ ეს შედეგი ვაიძულოთ. შეხედეთ ფრიდრიხ მერცს გერმანიაში. ვფიქრობ, ის ჩავარდება, მაგრამ ღმერთმა დაგვიფაროს, თუ წარმატებას მიაღწევს. მერცი, BlackRock-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, კოლაფსირებული გერმანული ეკონომიკის წინაშე დგას. მისი გამოსავალია მშპ-ს 5%-ის დახარჯვა თავდაცვასა და გადაიარაღებაზე. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ Rheinmetall-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათი მიზანია, გადაუსწრონ Lockheed Martin-სა და Northrop Grumman-ს და გახდნენ უდიდესი „სიკვდილით მოვაჭრეები“ მსოფლიოში. სტატიაში გამოქვეყნებული იყო ჰაუბიცებისა და ტანკების სურათები. ეს ჩვენ უკვე ვნახეთ ერთხელ ევროპის შუაგულში. ვერ ვიტყოდი, რომ ეს მოვლენები კარგის ნიშანია, მით უმეტეს გერმანიის დღევანდელ პოლიტიკურ ფონზე, სადაც AfD-ს რეალური შანსი აქვს, არჩევნებზე მოსახლეობის 51%-იანი მხარდაჭერა მიიღოს და პირველი პარტია გახდეს. ეს უკიდურესად სახიფათო სიტუაციაა. საქართველოსთვის საუკეთესო პოზიციაა, დარჩეს ნეიტრალური, ივაჭროს ყველასთან, აყვავდეს, როგორც სამეწარმეო ჰაბი კავკასიაში და შეინარჩუნოს მთავრობა, რომელიც ამ ფილოსოფიას მიჰყვება“, – განაცხადა ლოურენს უილკერსონმა.

ცნობისთვის, აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2001-2005 წლებში) ლოურენს უილკერსონმა განცხადება გააკეთა, სადაც საუბრობდა, თუ როგორ იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„ჩვენ ვყიდულობდით გაზეთების რედაქტორებს, ტელევიზიებს, არასამთავრობოებს, ისინი CIA-ს მიერ იყვნენ ჩანერგილი, ეს გავაკეთეთ საქართველოშიც, ძალიან წარმატებული ვიყავით“, – განაცხადა ლოურენს უილკერსონმა.