ლევან მახაშვილი: როგორ შეიძლება, საქართველოს ჰქონდეს ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით ეკონომიკაში საუკეთესო მაჩვენებლები, თუ არის უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლა

ლევან მახაშვილი

საქართველოს მოსახლეობა ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში ახალს ისეთს არაფერს იხილავს, რაც გასული წლის განმავლობაში არ გაუგია, ანგარიში ოთხ ნაწილად იქნება აწყობილი, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირველი ნაწილი იქნება პოლიტიკური, მეორე, სექტორული მიმართულება, მესამე – რეგიონული თანამშრომლობა და მეოთხე – ეკონომიკური ნაწილი.

„პირველი იქნება პოლიტიკური ნაწილი, სადაც კიდევ ერთხელ ძველ ბრალდებებს მოვისმენთ. მეორე ნაწილი იქნება სექტორული მიმართულება, სადაც შეფასებული იქნება საქართველოს სექტორები. აქ ჩვენ მოლოდინებია, რომ ნახევარზე მეტში გვექნება სხვადასხვა ტიპის პროგრესი. ასევე იქნება რეგიონული თანამშრომლობა, რომელიც შეაფასებს საქართველოს დამოკიდებულებას, როლს და ადგილს ამ რეგიონში. მეოთხე, ეკონომიკური ნაწილი, სადაც ჩვენი მოლოდინია, რომ დადებითად შეფასდება საქართველოს გასული ერთი წლის მდგომარეობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

მისი თქმით, კარგი იქნებოდა ბრიუსელის დამოკიდებულების მოსმენა ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაზე.

„ვისურვებდით, რომ იმის ნაცვლად, რომ ეს ბრლადებები შეეკრიბათ და ერთ დოკუმენტად გამოეცათ, მოგვესმინა ბრიუსელის დამოკიდებულება ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაზე. ამ მხრივ, კარგი იქნებოდა მათი მკაფიო პოზიციის დაფიქსირება. გასაგებია, რომ პოლიტიკურ ნაწილში ჩვენ ვერ ვთანხმებით. არის საკითხები, რაზეც ერთნაირი შეფასება არ გვაქვს, თუ როგორ წარმოგვიდგენია ქვეყნის მდგომაროება და განვლილი გზები. საუკეთესო საზომი ეკონომიკაა. თავად ამ ანგარიშშიც არის ასახული ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული ძალიან კარგი პროგრესი. როგორ შეიძლება, საქართველოს ჰქონდეს ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, ეკონომიკაში საუკეთესო მაჩვენებლები, თუ არის უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლა, თუ იხშობა სამოქალაქო სივრცე, თუ იხშობა სივრცე ყოველგვარი საზოგაოდებრივი განვითარებისთვის? რანაირად ხდება? კითხვა გვაქვს, რანაირად არის ასეთი რადიკალურად აცდენილი მაჩვენებლები?“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.