„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი კრიტერიუმები, რის საფუძველზეც, როგორც წესი, ფასდება ხოლმე ვიზალიბერალიზაციის სისტემის გამართული ფუნქციონირება. საქმე როდესაც ეხება ამ კრიტერიუმების შეფასებას, ჩვენ დარწმუნებული ვართ, ობიექტური შეფასებით, ვიზალიბერალიზაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის სტატიაზე, რომლის მიხედვითაც, ბრიუსელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონების გაუქმებას ითხოვს და სანაცვლოდ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით იმუქრება. იოზვიაკის ვარაუდით, ქვეყნების საჭირო რაოდენობა ამისთვის უკვე არსებობს.
„რამდენიმე დღეში ჩვენ მივაწვდით კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, საკანონმდებლო აქტებს, მთავრობის აღმასრულებელ გადაწყვეტილებებს, რის საფუძველზეც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს ხელისუფლების ის ერთგულება, რომელიც უკავშირდება ვიზალიბერალიზაციის გამართულად ფუნქციონირებას. მათ შორის საზღვრების, უკანონო მიგრაციის, თავშესაფრის პოლიტიკის მართვას და ასე შემდეგ. თუმცა, ამის პარალელურად, ჩვენ ხშირად გვესმის ამ საკითხით მანიპულირება და შანტაჟი, რომელიც ხშირად გამოიყენება მთავრობაზე ზეწოლისა და მთავრობის გადაწყვეტილების შეცვლის მცდელობის მიზნით.
გვაქვს მოლოდინი, რომ კვლავ გაგრძელდება ვიზალიბერალიზაციის საკითხის გამოყენების მცდელობა მოსახლეობაზე შანტაჟისა და არჩევნებზე მათ თავისუფალ ნებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. საქართველოს მოსახლეობისთვის მიუღებელია ამ საკითხის დაკავშირება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან, როგორიც არის „გამჭვირვალობის კანონი“ და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონი“. ერთ მხარეს დევს საქართველოს მოსახლეობის სურვილი და ნება. ნებისმიერი სახელმწიფოს ნება რომ დაცული იყოს გარე, მავნე ჩარევებისგან, მათ შორის ლგბტ პროპაგანდისგან, შავი ფულის ტრიალისგან და მეორე მხარეს არის სურვილი, დაცული იყოს ვიზალიბერალიზაცია“, – აღნიშნა მახაშვილმა.
მახაშვილის განცხადებით, არის იმის მოლოდინი, რომ საბოლოოდ, საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება პოზიტიური იქნება.
„ბრიუსელის ბიუროკრატიას თუ აქვს სურვილი, რომ ვიზალიბერალიზაციის ნაცვლად აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა, ჩაერიონ შიდა საქმეებში, შავი ფული ატრიალონ პოლიტიკური მიზნებისთვის, რა თქმა უნდა, ამ მხრივ, საქართველოს მოსახლეობის პასუხი იქნება ძალიან მკაფიო, რომ ამ საკითხით შანტაჟი და მანიპულაცია არ გამოვა. ჩვენი მოლოდინი, ისევე, როგორც გასული თვეებიდან გამომდინარე, არის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია შეეცდება ამ საკითხით მანიპულაციას. საბოლოოდ, საქართველოსთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური და ვიზალიბერალიზაციას არ დაემუქრება არანაირი საფრთხე. ბევრჯერ გვსმენია ფრაზები – მაგიდაზე ყველაფერი დევს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვიცით, წევრი სახელმწიფოები არ იღებენ ხოლმე ისეთ ხისტ გადაწყვეტილებებს, რომ შეუძლებელი იყოს ნორმალურ ჩარჩოებში დაბრუნება. არ დაგვავიწყდეს, მთავარი ფაქტორი, რატომაც მიმდინარეობს ეს მსჯელობა, არის მუნიციპალური არჩევნები, რათა ზეგავლენა მოახდინონ მოსახლეობის თავისუფალ ნებასა და არჩევანზე. საბოლოო ჯამში, რა ინფორმაციაც გვაქვს, წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა საღად უყურებს და აფასებს საქართველოსთან ურთიერთობებს. უმრავლესობას სურვილი აქვს, ნორმალურ და ცივილურ ურთიერთობაში განაგრძონ საქართველოსთან ურთიერთობა“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.