ლევან მაჭავარიანი: ყველაფერში გვერდში ვუდგავართ უკრაინას საერთაშორისო პლატფორმაზე. 30 ათასამდე უკრაინელი შევიფარეთ, დავუნიშნეთ დახმარებები, ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ მსოფლიო მასშტაბით

ლევან მაჭავარიანი

რაც უკრაინაში ეს ტრაგედია დაიწყო, ჩვენი ქვეყანა ათასამდე საერთაშორისო დოკუმენტს მიუერთდა. აუცილებლად უნდა გამოვყოთ ის, რომ ჰააგის ტრიბუნალმა უნდა შეისწავლოს ომის დანაშაულები, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეზოლუციებზე მიერთებისგან ათობით ქვეყანამ შეიკავა თავი, რათა რუსეთი არ გაეღიზიანებინა.

„ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერში გვერდში ვუდგავართ [უკრაინას] საერთაშორისო პლატფორმაზე. ასევე ისიც უნდა შევახსენოთ საზოგადოებას, რომ 30 ათასამდე უკრაინელი შევიფარეთ, დავუნიშნეთ სოციალურ დახმარებები, ბავშვებს გავუხსენით სასწავლებლები. ჰუმანიტარული დახმარებით ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზე ვართ მსოფლიო მასშტაბით. ერთადერთი, რაშიც ჩვენ „არ დავეხმარეთ“, არის ის, რომ სადაც ჩვენი საომარი არ არის, იქ ჩვენ არ ვიომეთ, ხოლო სადაც ჩვენი საომარია, გადახედონ ჩვენს ისტორიას, არავისი მითითება და რჩევა ამაზე არ გვჭირდება”, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო - დოკუმენტს მხარი 79-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ დაუჭირა.