ლაშა ხუციშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა

ლაშა ხუციშვილი

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) 34-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ბანკის მმართველთა საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოვიდა.

ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით, კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებით, ასევე, ისაუბრა საქართველოს მიერ ბოლო წლებში ქვეყნის სატრანზიტო, ინფრასტრუქტურული, თუ ენერგეტიკული პოტენციალის გაზრდის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე.

„ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის, დაახლოებით, 8 პროცენტს ვხარჯავთ ისეთ კაპიტალურ პროექტებზე, როგორიცაა საგზაო და ციფრული დაკავშირებადობა, ქალაქად და სოფლად აუცილებელი სერვისების უზრუნველყოფა – საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის, EBRD-ის მხარდაჭერით. საქართველოს ეკონომიკამ, კიდევ ერთხელ, დაამტკიცა თავისი გამძლეობა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საშუალო წლიურმა ზრდამ 9.5 პროცენტს გადააჭარბა. ქვეყანა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტების პორტფელით გამოირჩევა, მათ შორის, უახლოეს მომავალში დაგეგმილი წყალქვეშა ელექტროსადენით, რომელიც განახლებადი ენერგიის გადაცემასა და ციფრულ კავშირს უზრუნველყოფს. ევროპასა და საქართველოს შორის ელექტროენერგიის გადაცემის შესაძლებლობის გაძლიერება წარმოადგენს გრძელვადიანი ენერგოუსაფრთხოების სტრატეგიულ ხედვას, როგორც რეგიონისთვის, ისე ევროკავშირისათვის“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

ლაშა ხუციშვილმა, ასევე ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებებსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებზე მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.