კახა კალაძე: სააკაშვილის განცხადება, რომლითაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, არის ტიპური მაგალითი, როგორ მოქმედებს აგენტი

კალაძე

სააკაშვილმა იცის, რომ მთლიანად ოპოზიციაა განულებული, მხარს არავინ უჭერს, ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, რომ აშშ საქართველოში ყველაფერს მოაგვარებს, არის მაგალითი იმის, როგორ მოქმედებს აგენტი.

„ეს არის აგენტურის ყველაზე საუკეთესო მაგალითი. სააკაშვილმა იცის, რომ ქართველი ხალხი მხარს არ დაუჭერს. მთლიანად ოპოზიციაა განულებული. ამიტომაც ქართველ ხალხს ამერიკით ემუქრება. რა გავაფუჭეთ ამერიკასთან მიმართებით? ჩვენ აბსოლუტურად ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე, არაფერი დასამალი არ გვაქვს. ჩვენ პირდაპირ ვთქვით, რომ ის უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჰქონდა ქართულ სახელმწიფოსთან,  დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას შეუძლია, გამოასწოროს თავისი ქმედებებით. ჩვენ მზად ვართ, ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. სააკაშვილის განცხადება კი არის ტიპიური მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებს აგენტი.

ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები არ მაინტერესებს. ისინი ჩვეულებრივი აგენტები არიან. ხედავთ, საზოგადოებაში მხარდაჭერა, თანადგომა არ აქვთ. როდესაც შენ და შენი პოლიტიკური გუნდი უცხო ქვეყანას ემსახურები და აგენტურას წარმოადგენ, საკუთარ ქვეყანაში რა წარმატება გექნება? ასეთ პოლიტიკოსებს და პარტიებს ამ ქვეყანაში ვერანაირი წარმატება ვერ ექნებათ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ოპოზიციაში შიდა დაპირისპირებას ეხება, თბილისის მერის თქმით, ოპოზიციის ერთობა შეუძლებელია.

„რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური პლატფორმა შექმნეს. მაშინვე გავაკეთეთ განცხადებები, რომ ეს გაერთიანება დროებითი იყო. მსგავსი რამ წინა წლებშიც გვინახავს – შალვა ნათელაშვილის „ფანჩატურიდან“ დაწყებული, ამ გაერთიანებით დამთავრებული. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი „ნაცმოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ელემენეტები და აგენტები არიან, გარედან ფიანანსდებიან, მათი ერთობა მაინც ვერ შედგება, შეუძლებელია. ყველა მათგანი ცდილობს, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციონერი გახდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.