დააკავეს ქალი, რომელმაც ყოფილი შეყვარებული გაიტაცა და გააუპატიურა (უცხოეთი)
1752777823
თბილისის მერმა, კახა კალაძემ კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მიმართულებით გაწეული საქმიანობა შეაჯამა.
პრეზენტაციაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრებოდა, დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ ბოლო წლებში კულტურის, განათლებისა და სპორტის ხელშეწყობის, ასევე, ახალგაზრდობის მხარდამჭერ, ინფრასტრუქტურულ და საერთაშორისო პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.
„არ არსებობს სფერო, სადაც არ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტები. დღეს უნდა ვისაუბროთ თბილისის მთავრობის პოლიტიკის იმ მიმართულებაზე, რომელიც ყველაზე მეტად აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას – ეს ეხება თბილისის კულტურულ და სპორტულ ცხოვრებას, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკას. თბილისი ყოველთვის იყო ქალაქი, სადაც თავს იყრიდა ქართული კულტურის, სპორტის, განათლების უდიდესი კერები და ასეა დღემდე. ეს არის ქალაქი, სადაც ცნობილი ხელოვანები, სპორტსმენები, მეცნიერები ცხოვრობენ და მოღვაწეობენ, ქმნიან საქართველოს აწმყოს და საფუძველს უყრიან ჩვენი ქვეყნის მომავალს. რასაკვირველია, ამას სჭირდება ხელშეწყობა, თანადგომა, როგორც სახელმწიფოს, ისე მუნიციპალიტეტის მხრიდან. მეამაყება, რომ ამ მიმართულებით მართლაც უდიდესი ძალისხმევა იქნა გაწეული აბსოლუტურად ყველა დონეზე, რაც ჩანს კიდეც იმ ხელშესახებ შედეგებში, რასაც საქართველომ მიაღწია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ღონისძიებაზე დამსწრე ოლიმპიურ და პარალიმპიურ ჩემპიონებს, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, ყველას, თოთოეულ თქვენგანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმისთვის, რასაც აკეთებთ ჩვენი ქვეყნისთვის, იმისთვის, რომ ახარებთ ქართველ ხალხს. იცოდეთ, რომ გვეამაყებით. გვეამაყება ის, რასაც აკეთებთ. რა თქმა უნდა, თქვენ გიყურებთ მომავალი თაობები, ახალგაზრდები. ძალიან მნიშვნელოვანია ის ყოველდღიურობა, რაშიც პირადად თქვენ ხართ ჩართული“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშემწყობ ღონისძიებებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ კულტურის, სპორტის, განათლების მიმართულების გაძლიერება ქალაქისა და ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„მეგობრებო, თბილისი ვერ იქნება განვითარებული ქალაქი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა არ იქნება განათლებული, მოტივირებული და ჩართული ყველა პროცესში; თუ მათთვის არ იქნება პრიორიტეტული ჯანსაღი ცხოვრების წესი; თუ ისინი არ გაიზრდებიან შემოქმედებით გარემოში. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად თავიდანვე განისაზღვრა კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერება, ამ მიმართულებით საჭირო პროექტების განხორციელება და ხელშეწყობა, რადგან ესაა ინვესტიცია ჩვენი ქალაქის და ქვეყნის მომავლისთვის. ყველა ნაბიჯი, რაც ამ მიმართულებით გადავდგით, ემსახურება მიზანს – კიდევ უფრო გავაღრმავოთ შესაძლებლობები და თბილისი ყველასთვის ხელმისაწვდომ ცოცხალ კულტურულ და სპორტულ სივრცედ ვაქციოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დღევანდელ პრეზენტაცას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტისა და პარლამენტის წევრები, საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიის, ასევე, სპორტის, განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.