კაია კალასი: ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო წესებს ამკაცრებს, ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა მოცემულობა

კაია კალასი

ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის წესები გაამკაცრა.

ახალი წესების თანახმად, რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ მრავალჯერადი ვიზების მიღებას. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეებს ევროკავშირში ყოველი მოგზაურობის დაგეგმვისას, ახალი ვიზის მისაღებად განაცხადის შეტანა მოუწევთ, რაც განმცხადებლების ხშირი შემოწმების საშუალებას იძლევა.

„რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის ომი უკრაინის წინააღმდეგ კვლავ სერიოზულ საფრთხეს უქმნის ევროპის უსაფრთხოებას, რაც გამოწვეულია დივერსიით, დეზინფორმაციითა და დრონების შეჭრით. ამ უკანონო აგრესიის დაწყებიდან ევროკავშირმა გაამკაცრა შესვლის პირობები რუსეთის მოქალაქეებისთვის. ვიზებთან დაკავშირებული წესების შემდგომი შეზღუდვით, ჩვენ ვდგამთ დამატებით და აუცილებელ ნაბიჯს ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად,“ – აღნიშნულია ევროკომისიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა მოცემულობა.

„ევროპის ტერიტორიაზე დრონებით გამოწვეული შეფერხებებისა და დივერსიების ფონზე, ევროკავშირი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო წესებს ამკაცრებს. ევროკავშირში მოგზაურობა პრივილეგიაა და არა მოცემულობა,“ – წერს კალასი.