1762706568
ისინი მტრობენ საკუთარ ქვეყანას - უცხოურ ძალებს პირდაპირ ესაუბრებიან, რომ მთავარია, ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და საქართველოს სუვერენიტეტი გადაეცემა ბრიუსელს თუ ვაშინგტონს, მნიშვნელობა არ აქვს - გურამ მაჭარაშვილი
როდის გადაიხდიან მილიონიან გირაოს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე? სასამართლომ მათ 30-დღიანი ვადა განუსაზღვრა. საბოტაჟის, მტრულ საქმიანობაში დახმარებისა და სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე 8 ბრალდებული ოპოზიციონერის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. დაწყებულ გამოძიებას დევნად აფასებენ ოპოზიციაში, "ქართულ ოცნებაში" კი ქვეყნის ღალატზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ბრალდებები მტკიცებულებებით არის გაჯერებული, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ოპონენტებისა და მათი დამფინანსებლების ერთადერთი მიზანი საქართველოში რევოლუციური პროცესების განვითარება იყო.
მრავალტომიან საქმეში, რომელსაც ერთდროულად 3 უწყება იძიებს, განსასჯელის სკამზე მსხდომი ოპოზიციონერი ლიდერების აუდიოჩანაწერები და რაციებში, აქციის მონაწილეების საუბარი დევს.
"ხოშტარია-ჯაფარიძის ეს ჩანაწერი არ იყო მოულოდნელი საზოგადოებისთვის, რადგან, ერთსაც და მეორესაც არაერთხელ უთქვამს საჯაროდ, რომ ისინი მტრობენ საკუთარ ქვეყანას, - განაცხადა "ხალხის ძალის" აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა "ქრონიკის" მიერ მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ხმა ისმის.
"ისინი მტრობენ საკუთარ ქვეყანას, მტრობენ იმ თვალსაზრისით, რომ უცხოურ ძალებს პირდაპირ ესაუბრებიან, რომ მთავარია ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და საქართველოს სუვერენიტეტი გადაეცემა ბრიუსელს თუ ვაშინგტონს, მნიშვნელობა არ აქვს; ომი იქნება საქართველოში თუ მშვიდობა, მნიშვნელობა არა აქვს. ისეთი ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესების ხარჯზე, სხვა ქვეყნის ინტერესებს ითვალისწინებდნენ საქართველოში, არაერთია. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შევიდა სარჩელი და აუცილებლად უნდა მოხდეს აკრძალვა იმ პარტიის, რასაც ჰქვია ნაციონალური მოძრაობა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
"ქრონიკას" ხელში ჩაუვარდა მტრულ საქმიანობაში მხარდაჭერისა და საბოტაჟის საქმის მტკიცებულებები. აუდიოჩანაწერში ისმის როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ზურა გირჩი ჯაფარიძის ხმა.












