,,ის, რაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა ბრძანა რუსთაველის გამზირზე, იყო მისი პოზიციის გაჟღერება, თუ ის საუბრობდა პლატფორმის სახელით?" - ნიკა მელია სალომე ზურაბიშვილის სიტყვებში სიცხადის შემოტანას ითხოვს

ნიკა მელია

თვითმმართველობის მოახლოებული არჩევნების ფონზე, არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ოპოზიციაში კვლავ გაურკვევლობაა. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი ღიად აცხადებს, რომ ისინი არჩევნების დამატებითი წინააღმდეგობისთვის გამოყენებას აპირებენ.

კოალიცია "ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ყურადღებას ამახვილებს სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე და ამბობს, რომ აუცილებელია სიცხადის შემოტანა მის სიტყვებში არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რადგან გაუგებარია, საკუთარი მოსაზრება გადასცა საზოგადოებას, თუ მისი პოლიტიკური პლატფორმის გზავნილები.

"ქალბატონი ზურაბიშვილი გამობრძანდა რუსთაველის გამზირზე და თავისი პლატფორმის სახელით განაცხადა, რომ არავინ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. მეორე დღეს, გამოდის "ლელოს" წარმომადგენელი და დისკუსიისკენ მოუწოდებს საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით. . ქალბატონმა ზურაბიშვილმა თქვას, ის, რაც მან ბრძანა რუსთაველის გამზირზე, იყო მისი პოზიციის გაჟღერება, თუ ის საუბრობდა პლატფორმის სახელით? ესეც გაუგებარია, სიცხადეა შესატანი," - აცხადებს ნიკა მელია.

კოალიცია "ლელო - ძლიერ საქართველოში" კი ამბობენ, რომ კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზად კვლავ ახალ საპარლამენტო არჩევნებს მიიჩნევენ.

"ამ კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა გადის ახალ საპარლამენტო არჩევნებზე, არცერთ სხვა არჩევნებს არ გააჩნია რესურსი ამ კრიზისიდან გამოსვლის. შესაბამისად, მთელი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების გზით, მოვახერხოთ და დავძლიოთ ეს კრიზისი," - აცხადებს კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრი, საბა ბუაძე.