ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ყურბან ბაირამი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მთავრობის მეთაური, დღესასწაულთან დაკავშირებით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან ერთად, თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა.

პრემიერმა ქვეყნის განვითარებაში მუსლიმი თემის მნიშვნელოვან წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ მხარდაჭერას მომავალშიც განაგრძობს.

„ჩვენი ქვეყანა ამაყობს როგორც ეროვნული, ისე რელიგიური მრავალფეროვნებით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა ის ურთიერთობები, ის მეგობრობა, რომელიც ჩამოყალიბებულია ჩვენს შორის. ამას ძალიან ვუფრთხილდებით და მომავალშიც გავუფრთხილდებით. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ზრუნავს მუსლიმი თემის ინტერესებზე და ეს ზრუნვა მომავალშიც გაგრძელდება. თქვენ ძალიან დიდი წვლილი შეგაქვთ ჩვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში და მინდა ამისთვის დიდი მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეჩეთში შეკრებილ მუსლიმ მრევლს ყურბან-ბაირამი მიულოცეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ, დასავლეთ საქართველოს მუფთმა ადამ შანთაძემ, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთმა ეტიბარ ემინოვმა და საქართველოს მუსლიმთა შეიხმა ფაიგ ნაბიევმა. ყურბან ბაირამთან დაკავშირებულ ლოცვას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.