„მაგარ რაღაცას გასწავლით“ - „ფეხის გაკვანძვის“ მიზეზს გიორგი ღოღობერიძე განმარტავს
1758576068
ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ კახეთის მხარის განვითარებას, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურმა დღის განმავლობაში კახეთის მხარეში გამართული ღონისძიებები შეაჯამა და ასევე ისაუბრა თბილისში ერეკლე მეორის ძეგლის გახსნაზე.
„გავხსენით ერეკლე მეორის ძეგლი დედაქალაქში, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა სიმბოლური თვალსაზრისით. ჩვენ პატივს მივაგებთ ერთ-ერთ გამორჩეულ და უსაყვარლეს მეფეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ეს არის იმის გამოხატულება, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ფესვებს და ჩვენს ისტორიას. რა თქმა უნდა, ამ ისტორიაზე უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეული მომავალი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა საგარეჯო-ბადიაურის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის სამუშაოებზე და აღნიშნა, რომ პროექტი უახლოეს თვეებში დასრულდება.
“ ჩვენს თანამოქალაქეებს და სტუმრებს ექნებათ კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება თბილისიდან ბადიაურამდე. აშენდება 4-ზოლიანი ავტომაგისტრალი და ამის შემდეგ გაგრძელდება შემდგომ მონაკვეთებზე მუშაობა. ასევე ვიყავით „მეღვინეობა კაჭრეთში“, სადაც დაიწყო, ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობით, კონიაკის წარმოება. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის თანამშრომლობა ქართულ და ევროპულ კომპანიებს შორის, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა კონიაკის წარმოებაში საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა რთველის მიმდინარეობის პროცესზე.
„გურჯაანში გავეცანით რთველის მიმდინარეობას. შტაბი არის სრულად მობილიზებული და სათანადო ვადებში ხდება ღვინის ჩაბარება, გადამუშავება. ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა, მეღვინეებმა მიიღონ სათანადო სარგებელი საკუთარი მოსავლიდან. რა თქმა უნდა, გაგრძელდება შტაბის აქტიური მუშაობა.
ასევე, ჩვენ დავათვალიერეთ გურჯაანში კულინარიული სკოლის მშენებლობის სამუშაოები. ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტია, სადაც რამდენიმე ასეულ მსმენელს ექნება კულინარიული კურსების გავლის საშუალება. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს ამ პროექტის განხორციელება.
ვესტუმრეთ თელავში ისტორიულ სკოლას, რომლის რეაბილიტაცია იგეგმება. პროცესები დაიწყება ძალიან მალე. თავისი ისტორიული, განახლებული სახით უნდა დაუბრუნდეს ეს სკოლა თელაველებს.
ვიყავით ალავერდში, სადაც გავეცანით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ყველაფერი გაკეთდება საქართველოს მთავრობის მხრიდან იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ მხარის განვითარებას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.