ირაკლი კირცხალია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე: ჩვენ ამას არ ველოდებით. არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, რომ ეს გააკეთონ. მოწინავე პოზიციაზე ვართ ყველა მიმართულებით

ირაკლი კირცხალია

ჩვენ ამას არ ველოდებით. არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, რომ ეს გააკეთონ. მოწინავე პოზიციაზე ვართ ყველა მიმართულებით, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მუქარასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, შანტაჟი და მუქარა ევრობიუროკრატების ხელწერაა, თუმცა არანაირი საფუძველი იმის, რომ ვიზალიბერალიზაცია შეუჩერდეს საქართველოს, არ არსებობს.

„შანტაჟი არის მათი იარაღი. აღქმების თეორია და შანტაჟი. ვიზალიბერალიზაციის საკითხი სუფთა ტექნიკური ნაწილისგან შედგება, რომელ ტექნიკურ ნაწილსაც საქართველო წლებია, წლიდან წლამდე აკმაყოფილებს 100%-ით. აქ საერთოდ კითხვა არ ჩნდება და ამიტომ რეალურად არის ძალიან რთული და უსაფუძვლო ამ გადაწყვეტილების მიღება, როგორც უსაფუძვლო იყო დაგვიანება თუნდაც კანდიდატის სტატუსის მონიჭების.

ჩვენ ამას არ ველოდებით. არანაირი ობიექტური საფუძველი არ არსებობს, რომ ეს გააკეთონ. მაგრამ თუ მათ მიიღეს ნებისმიერი უსამართლო გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის, ქართველების წინააღმდეგ, ამას ქართველი გასცემს ადეკვატურ პასუხს. ერთადერთი, რაც ქართველს არ უპატიებია ისტორიულად, ეს არის უსამართლობა. ერთადერთი, რასაც ქართველი ვერ იტანს, ეს არის ჩაგვრა. თუ ახლა ჩვენ დავინახეთ, რომ გამარგინალებული ძალები და „დიფ სთეითის“ მიერ მართული პოლიტიკოსები და არარჩეული ბიუროკრატები ქვეყანას სჯიან უსაფუძვლოდ და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არ აქცევენ ყურადღებას არც ერთ კვლევას, არც ერთ იმ პოზიციას დემოკრატიული საწყისები იქნება, სასამართლო იქნება, მედია თავისუფლება იქნება, სიტყვის გამოხატვის თავისუფლება იქნება... რომელი ერთი ვთქვა?! - მოწინავე პოზიციაზე ყველა მიმართულებით. ყველგან წლიდან წლამდე და თვიდან თვემდე მათივე ძალიან ავტორიტეტული ინსტიტუტების კვლევებში საქართველო იკავებს მოწინავე პოზიციებს და ხსნის ისტორიულ რეკორდებს. ამ ყველაფრის შემდეგ როცა შენ გელაპარაკებიან დემოკრატიულ უკუსვლაზე, როცა გესაუბრებიან იმ წიოკით, რაც აქვთ აგენტურის ხელით ატეხილი საქართველოში, ჩვენი საზოგადოება უყურებს ამ ყველაფერს და აფასებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.