1753214676
ირაკლი ხელაძე ევროკავშირის რეკომენდაციებზე: ეს არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ სივრცე გააჩინონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან „ქართული ოცნება“. ეს განკუთვნილია იმისთვის, რომ შანტაჟის პირობებში, იქონიონ გავლენა ქართველ ხალხზე

ეს ყველაფერი არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ რაღაც სივრცე გააჩინონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან „ქართული ოცნება“. ეს ყველაფერი განკუთვნილია იმისთვის, რომ შანტაჟის პირობებში, იქონიონ გავლენა ქართველ ხალხზე, - ასე ეხმაურება „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი ირაკლი ხელაძე, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროკომისიის რეკომენდაციებს.
მისი თქმით, ეს არის ქართველ ხალხთან შანტაჟის ენით საუბარი და მისი მიზანი საზოგადოებაზე წინასაარჩევნოდ გავლენის მოხდენაა.
„ერთადერთი სივრცე, სადაც დღევანდელი პირობების გათვალისწინებით არის, რომ ორივე მხარემ დაიცვას სამართლიანობის პრინციპი. ამ შანტაჟის პირობებში, ამ არასამართლიანი მიდგომის და დამოკიდებულების და ამ ორმაგი სტანდარტის პირობებში, ფიზიკურად წარმოუდგენელია „ქართულმა ოცნებამ“ იფიქროს სივრცის გამოძებნაზე.
მაგიდაზე დევს ისეთი წარმოუდგენელი რაღაცა მოთხოვნები, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნული ინტერესებს. აქ „ქართულ ოცნებაზე“ არ არის საუბარი. ეს ყველაფერი კეთდება საზოგადოების დაკვეთით, რომელიც სისრულეში მოჰყავს „ქართულ ოცნებას“. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა აქ კომპრომისი მსგავს ემოციურ, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მხრიდან?! მას არც ერთი წამით და არც ერთი წუთით არ შეეგუება საზოგადოება. შესაბამისად, მათი მხრიდან არის შემხვედრი ნაბიჯები გადმოსადგმელი. ჩვენ მუდმივად ვამბობთ, რომ მზად ვართ ჯანსაღი კონსტრუქციული მოლაპარაკებების რეჟიმში, ნებისმიერ საკითხზე სალაპარაკოდ დავსხდეთ, მაგრამ არა შანტაჟის პირობებში, არა მუქარის პირობებში.
პირველ რიგში უნდა იყოს სამართლიანი მიდგომა. იმიტომ, რომ დღეს რასაც ვხედავთ ეს არ არის სამართლიანი მიდგომა. ეს არის პირდაპირი ორმაგი სტანდარტი. როდესაც ჩვენ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგებით ყველაფერში თითქმის წინ ვართ და პირველად ადგილზე ვართ, მათ შორის ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, როგორ შეიძლება, რომ რაღაცა განსხვავებული მიდგომა ვრცელდებოდეს ჩვენ მიმართ?! აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე და მოლდოვაზე, იქ საერთოდ კატასტროფა ხდება. გასაგებია, რომ რაღაცა კრიტერიუმები არსებობს. თუ იმ კრიტერიუმებსაც გავითვალისწინებთ, მაგალითად, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციასთან ბრძოლა, ამ მიმართულებით ყველაფერში აბსოლუტურად სერიოზული ნახტომები გვაქვს გაკეთებული და სერიოზული სამუშაო გაწეული. თუ სამართლიანად მოგვიდგებიან მაშინ ამ 8 საკითხიდან შეიძლება არცერთი აღარ დარჩეს მაგიდაზე. ეს ყველაფერი გათვლილია კონკრეტულ მიზანზე და ამ მიზნის შესრულება არ გამოსდის იმ ძალას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველოში არეულობა მოაწყოს, ხელისუფლება შეცვალოს, მათი მორჩილი აგენტურა დასვას ხელისუფლებაში და მერე ერთი ხელის მოსმით ის აკეთებინოს, რაც მათ ინტერესებს ემსახურება.
ევროკავშირს რომ სივრცის დატოვება უნდოდეს, ძალიან მარტივად შეძლებდა. ეს ყველაფერი არ არის განკუთვნილი იმისთვის, რომ ვთქვათ რაღაც სივრცე გააჩინონ და მოლაპარაკების მაგიდასთან დასვან „ქართული ოცნება“. ეს ყველაფერი განკუთვნილია იმისთვის, რომ შანტაჟის პირობებში, იქონიონ გავლენა ქართველ ხალხზე. ეს მიმართულია პირველ რიგში ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც ბოლო არჩევნებზე იყო ძალიან ადეკვატური. ჩვენ წინა პერიოდებშიც ხომ ვუყურებდით ამას, რომ წარმოუდგენელი ჩარევა იყო გარედან. წარმოუდგენელი თავდასხმები იყო გარედან. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ყოველი დილა იწყებოდა საქართველოზე განცხადებებით. მილერი გამოდიოდა და იძახდა თუ როგორი უკუსვლაა საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების. მაგრამ ამის პასუხი საზოგადოებისგან რა იყო?! - იყო ის, რაც არჩევნების შედეგებში აისახა. იგივე მოხდება ახლაც. არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან, სივრცეს დატოვებენ თუ არ დატოვებენ, ქართული საზოგადოება ადეკვატურად გასცემს პასუხს“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.
ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.