ჯარიმები მცირდება - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის
1781867439
არ გამოვრიცხავ, თინა ბოკუჩავას ან სხვა ნებისმიერს ჰქონდეს მეორედ ან პირველად არჩევის შანსი, რადგან, საბოლოო ჯამში, დელეგატების ასარჩევია. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ნამდვილად შეიძლება, დაგვარწმუნოს სხვა კანდიდატმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ნანუკა ჟორჟოლიანს ლეგიტიმაცია სჭირდება მთელი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
„მიხეილ სააკაშვილმა რატომ აირჩია ნანუკა ჟორჟოლიანი, ეს მიხეილ სააკაშვილმა უნდა განმარტოს. ჩვენ შიგნით, არჩევნების დროს, შეიძლება, გვყავდეს განსხვავებული კანდიდატურებიც და ყველას თავისი ახსნა ექნება. ამიტომაც, კონკრეტულ ადამიანებს უნდა ჰკითხოთ. არ მოერიდებიან, მგონია, ბატონმა მიხეილმაც აღნიშნა რაღაც თვისებები, რაც აქვს ნანუკა ჟორჟოლიანს, რაც მისთვისაც არის მნიშვნელოვანი – მისი სახალხოობა, მისი ეს სოციალური კაპიტალი, როდესაც შეუძლია ადამიანებთან მჭიდრო და კარგი ურთიერთობები დაამყაროს, ენერგიულია. ეს ის თვისებებია, რის გამოც ნანუკა ჟორჟოლიანი ამ ეტაპზე არის მიხეილ სააკაშვილის არჩევანი. თინა ბოკუჩავას რომ აფასებს მიხეილ სააკაშვილი ეს პოსტებშიც ჩანს. განაცხადა კიდევაც, რომ თინა ნამდვილად არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი. არ გამოვრიცხავ, რომ თინას ან სხვა ნებისმიერს ჰქონდეს მეორედ ან პირველად არჩევის შანსი, რადგან, საბოლოო ჯამში, დელეგატების ასარჩევია. გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილის სიტყვას დიდი ძალა აქვს, მაგრამ ნამდვილად შეიძლება, დაგვარწმუნოს სხვა კანდიდატმა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
მისი თქმით, ნანუკა ჟორჯოლიანი აპირებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ ინტეგრირებას.
„ჩვენს პოლიტიკურ პარტიაში ინტეგრირება ნიშნავს არა მხოლოდ თბილისში კონკრეტულ ადამიანებთან კომუნიკაციას, არამედ, პირველ რიგში, რეგიონებში კონკრეტული ადამიანების გაცნობას, მათი პრობლემატიკის გაცნობას. ეს არის საქმიანი, ძალიან პრაქტიკული და ძალიან სწორი ნაბიჯი ნანუკა ჟორჟოლიანის მხრიდან. ქალბატონი ნანუკას გუშინდელი პოსტიდან ჩანდა, რომ მას ლეგიტიმაცია სჭირდება სახალხო, მთელი „ნაციონალური მოძრაობის“. ზოგადად, როდესაც ამ პროცესში ჩართვას აპირებდა კარგად ჰქონდა გააზრებული რეგიონების და ჩვენი აქტივის მნიშვნელობა, მათი პრობლემების გაცნობა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, რა სტატუსით მართავს ნანუკა ჟორჟოლიანი რეგიონებში შეხვედრებს, ირაკლი ფავლენიშვილი პასუხობს, რომ ნანუკა ჟორჟოლიანს ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული სტატუსი არ აქვს.
„ადამიანი შეიძლება, თეორიულად გახდეს პარტიის თავმჯდომარე, შეიძლება, სხვა თანამდებობის პირი. დიდი ალბათობით, ნანუკა ჟორჟოლიანი „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში უნდა ვიხილოთ. ეს ყველამ კარგად ვიცით, ამიტომაც მას უნდა ჰქონდეს კომუნიკაცია არა მხოლოდ ჩვენთან თბილისში, არამედ მთელ პარტიასთან და მთელი პარტია არის, მათ შორის, ბათუმში, ხელვაჩაურში და სხვა რეგიონებში. ამიტომ ხვდება ამ ადამიანებს, რომ მათი პრობლემები, საჭიროებები გაიგოს, დაამყაროს პირდაპირი კონტაქტი“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა