1747322344
გვგონია, ჩვენს მიმართვას რეაგირება მოჰყვება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზება უნდა დაიწყოს, არაერთი განცხადება გავაკეთეთ და ახლა ბურთი ამერიკის მხარესაა - ირაკლი ზარქუა

გვგონია, ჩვენს მიმართვას რეაგირება მოჰყვება, ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზება უნდა დაიწყოს, არაერთი განცხადება გავაკეთეთ და ახლა ბურთი ამერიკის მხარესაა, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან რამდენიმე საკითხში დამთხვევაა, მათ შორის ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და ოჯახური ღირებულებები, თუმცა ამის იქით ვერ წავიდნენ.
„უსაფუძვლო, უსახურ მუქარებს და დირექტივებს ვიგერიებთ. როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მოვიდა, გაგვიხარდა, რადგან მან ყველა ამხილა. აქამდე ვამბობდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აფინანსებდნენ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლას და ლგბტ პროპაგანდას. ახალმა ადმინისტრაციამ ეს ფონდები გააშიშვლა, თუმცა ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, „დიფ სთეითი“ არ ჩერდება. მათ მიერ მხარდაჭერილი “მეგობრული აქტი” მავნებლური და მტრული აქტია საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ყურით მოთრეული არაერთი სიგიჟეა. ჯო უილსონი უკრაინელი გორჩარენკოა, ლობისტების მიერ დაფინანსებული. რასაც ეტყვიან, წერს, აზრზე არ არის, მსოფლიოში რა ხდება. რას უნდა ელოდო იმისგან, ვინც საკუთარი ვებგვერდიდან დროშებს და კალმებს ყიდის, არაფერს. სამწუხაროდ, დაფინანსებულ კონგრესმენებს საშუალება მიეცათ, რომ ბოლომდე ფრთები გაშალონ და გაუგებარი აქტები მიიღონ.
გახსოვთ, ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, დღე არ გავიდოდა, რომ თეთრი სახლის პრესმდივანს საქართველოს ხელისუფლება, ქვეყანა და ეკლესია არ გაეშავებინა. ეს ახლა არ ხდება და ამისთვის მადლობას ვიხდი. ასევე ჩვენ რამდენიმე საკითხში დავემთხვიეთ, რომელთა შორისაა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და ოჯახური ღირებულებები, თუმცა, სამწუხაროდ, ამის იქით ვერ წავედით. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ლეგიტიმურად არჩეული და ქვეყნის გაშავებას არავის გავუტარებთ. გვგონია, რომ ჩვენს მიმართვას რეაგირება მოჰყვება და ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ნორმალიზება უნდა დაიწყოს. არაერთი განცხადება გავაკეთეთ და ახლა ბურთი ამერიკის მხარეს არის“, – განაცხადა ზარქუამ.