გურამ მაჭარაშვილი: ქართველ ხალხსა და სახელმწიფოზე ზეწოლა იყო ჯერ კულისებში, შემდეგ საჯარო სივრცეში, ახლა რეზოლუციების დონეზეა ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ

გურამ მაჭარაშვილი

ევროპული ინსტიტუტები საქართველოს პოზიტიურად აფასებენ დემოკრატიის, გამჭვირვალობის მიმართულებით, ამის ფონზე კი, ევროკავშირის ბიუროკრატია საქართველოზე უსაფუძვლოდ საუბრობს, რასაც უკვე არავინ აღარ იჯერებს, – ამის შესახებ  „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა რეზოლუციების დონეზე მიმდინარეობს ბრძოლა საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

გურამ მაჭარაშვილი 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას უსამართლოს უწოდებს.

„ასეთი უსამართლო განცხადება მორიგ ჯერზე ხდება იმის მტკიცებულება, რასაც გლობალური ომის პარტიასა და საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე ვამბობთ. სამი წლის წინ ვთქვით, რომ, სამწუხაროდ, ქართველ ხალხსა და სახელმწიფოზე პირდაპირი ზეწოლა იყო. ეს ზეწოლა ჯერ კულისებში იყო, შემდეგ საჯარო სივრცეში, ახლა კი რეზოლუციების დონეზეა გამოცხადებული ბრძოლა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი არის უსაფუძვლო“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოსთან დაკავშირებით 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო. როგორც პოლიტსაბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, „18 ევროპელი ჩინოვნიკის წერილი შეგვახსენებს, რამდენად ღრმად არის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასა და დიდ ბრიტანეთში ფესვგადგმული „დიფ სთეითის“ არაფორმალური მმართველობა“.