გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ მძიმე მდგომარეობაშია, უფრო რთულ ვითარებაში მათი პატრონები არიან, რომ ნანუკა ჟორჟოლიანზე უკეთესი ადამიანი ვერ იპოვეს, ეს ძალიან კარგია

არჩილ გორდულაძე

დამნაშავე, უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, მის მიერვე დაფუძნებულ პარტიაში პირდაპირი მმართველობა ჩამოაყალიბოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, სწორედ ეს ადამიანი დგას დაპირისპირების თუ შოუს უკან – მას პარტიაში ხელიდან საცეცები და სადავეები გაექცა, რადგან მისი პარტიის წევრები შეეცადნენ, გარე პატრონებთან პირდაპირი კავშირი სააკაშვილის გვერდის ავლით დაემყარებინათ.

„ახლა სააკაშვილის მხრიდან მისი გავლენის სფეროში დაბრუნების მცდელობას ვხედავთ. წარმოიდგინეთ, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რა მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი და კიდევ უფრო რთულ ვითარებაში მათი პატრონები არიან, რომ ნანუკა ჟორჟოლიანზე უკეთესი ადამიანი ვერ იპოვეს. ეს ძალიან კარგია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გაცილებით მეტი ადამიანია, ვისთვისაც უკეთესია ქვეყანა და არა პატრონების მორჩილება. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, „ნაცმოძრაობაში“ პარტიის ფორმალური თავმჯდომარის თანამდებობას ვინ დაიკავებს“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.