გივი მიქანაძე - უსამართლობის გამოსწორების კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ, მიღებული იქნება ცვლილებები, რომლითაც შესაძლებელი გახდება, საბაკალავრო დონეზე აღდგეს ქართული ენის სავალდებულო სწავლება

გივი მიქანაძე

უსამართლობის გამოსწორების კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ, დარწმუნებული ვართ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიღებული იქნება ცვლილებები, რითაც შესაძლებელი იქნება, საბაკალავრო დონეზე აღდგეს ქართული ენის სავალდებულო სწავლება, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მიქანაძის თქმით, მომავალ წელს ყველა უმაღლესი სასწავლებელი დანერგავს ქართული ენის სავალდებულო სწავლებას.

„2005 წელს, როცა კახა ლომაია განათლების მინისტრი იყო, სამინისტროს მითითებით, საბაკალავრო სასწავლო პროგრამიდან მოხდა ქართული ენის ამოღება. ეს ქართული ენის წინააღმდეგ მხოლოდ ერთადერთი მიზანმიმართული ნაბიჯი არ იყო. 2004-2007 წლებში, მიზანმიმართულად მოხდა, პრეზიდენტთან არსებული სახელმწიფო ენის კომისიის გაუქმება და პარლამენტში აღარ იყო სახელმწიფო ენის ქვეკომიტეტი, ენის პალატა გაუქმდა, ხოლო საჯარო სკოლებში ქართული ენისა და ლიტერატურის საათები შემცირდა. ამას საბაკალავრო საფეხურზე ქართული ენის სწავლების ამოღებაც დაემატა. არ იყო განხილული სახელმწიფო ენის შესახებ კანონი. ჩვენი ხელისუფლების მიერ ჯერ „სახელმწიფო ენის შესახებ“ კანონის მიღება მოხდა, ხოლო შემდეგ იაკობ გოგებაშვილის დედა-ენა სასწავლო პროცესს დაუბრუნდა. ახლა ჩვენ უსამართლობის გამოსწორების კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ, როცა განხილვას ვიწყებთ და დარწმუნებული ვართ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიღებული იქნება ცვლილებები, რითაც შესაძლებელი იქნება, საბაკალავრო დონეზე აღდგეს ქართული ენის სავალდებულოდ სწავლება და ის ძალაში შევა პირველი სექტემბრიდან, რაც იძლევა გარანტიას, რომ მომავალ წელს, ყველა უმაღლესი სასწავლებელი დანერგავს ქართული ენის სავალდებულო სწავლებას“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სწავლება სავალდებულო ხდება. ცვლილებები შედის „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი პირველი მოსმენით იწყებს მსჯელობას. ქართული ენის სწავლება სავალდებულო უმაღლეს სასწავლებლებში 2005 წლიდან აღარაა. უნივერსიტეტებში მშობლიური ენის სწავლების ვალდებულება მხოლოდ ფილოლოგიის ფაკულტეტზე მოქმედებს, სხვა მიმართულებებზე კი შერჩევითი საგნების ჩამონათვალშია. საკანონმდებლო წინადადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებს, ნანა მაჭავარიანსა და გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნით.